"ოცნებამ" სტრატეგიული პარტნიორისგან აღარაფერი აღარ დატოვა - ჯაფარიძე
"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ივანიშვილის ხელისუფლებას საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის არევაში ადანაშაულებს - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ "ოცნებამ" საერთაშორისო მეგობრისგან "აღარაფერი აღარ დატოვა".
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მიუხედავად რუსული კანონის მიმღები ხელისუფლების ქმედებებისა, დასავლელი ლიდერების მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი მყარია.
წინა საარჩევნო პერიოდში ზედიზედ ასეთი რანგის სტუმარი ჩამოდის შეერთებული შტატებიდან. მათ შორის სტუმარი, რომელიც მუშაობს ადამიანის უფლებების საკითხებზე. ცალსახად არის პოლიტიკური გზავნილი, რომ ამერიკისთვის საქართველო საინტერესო ქვეყანაა. ჩვენ კი ფორმალურად გვქვია სტრატეგიული პარტნიორი შტატების, მაგრამ ამ სტრატეგიული პარტნიორისგან აღარაფერი აღარ დატოვა "ოცნებამ". მაგრამ მიუხედავ ამისა, ისინი გვიყურებენ, აინტერესებთ ამ ქვეყნის ლიბერალური დემოკრატიის განვითარება", - ამბობს ჯაფარიძე.
თბილისში ოფიციალური ვიზიტით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ჩამოვიდა - ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს ზეია პლატფორმა "X"-ზე აქვეყნებს.
როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში მისი ვიზიტი ქართველი ხალხისთვის სრული მხარდაჭერის გამოცხადებას ემსახურება.
ვიზიტის ფარგლებში უზრა ზეია საქართველოში შეხვედრებს დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციული სამუშაოების, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ გამართავს. ის ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წევრებს შეხვდება.
ზეია "ქართული ოცნების" წევრებს პირადად კიდევ ერთხელ გადასცემს აშშ-ს სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ კანონთა, სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, არადემოკრატიულ და დეზინფორმაციულ განცხადებებს მიმოიხილავს, რომელმაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობა დააზიანა.