რუსეთის მსახური ხელისუფლების გამო, საქართველოს ევროკავშირის გარდა, NATO-ს კარიც დაეხურა - გეგელია
"ლელო საქართველოსთვის" წევრი გრიგოლ გეგელია "ქართულ ოცნებას" რუსეთის მსახურ ხელისუფლებას უწოდებს და აცხადებს, რომ ამჟამინდელმა მთავრობამ ქვეყანას ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა დააკარგვინა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მშვიდობის და განვითარების პოლიტიკასთან საქართველოში შეუთავსებელია.
რუსეთის მსახური ხელისუფლების გამო, საქართველოს ევროკავშირის გარდა, NATO-ს კარიც დაეხურა.
2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ისტორიაში პირველად, NATO-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია აღარ ახსენებს, რომ საქართველო მიიღებს MAP-ს და გახდება სამხედრო ალიანსის წევრი.
საქართველო ერთხელაა ნახსენები მე-17 აბზაცში, რომელიც დეოკუპაციას ეხება, მაგრამ არ არის ნახსენები არც 28-ე და არც 31-ე აბზაცებში, რომლებიც თანამშრომლობას და შავი ზღვის აუზს ეხება. ნახსენებია მოლდოვა, რომელსაც ტრადიციულად ნეიტრალიტეტი აქვს განცხადებული, მაგრამ ნახსენები არ არის საქართველო, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია NATO-ში გაწევრიანების პოლიტიკური პრიორიტეტი.
ეს არის რუსეთის მსახური ხელისუფლების პოლიტიკის პირდაპირი შედეგი. კობახიძის მთავრობის სანუკვარი ოცნებაა მტრის პირისპირ მარტოდ დარჩენილი საქართველო, რომელიც სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია მოქცეული და რომელსაც აღარ ჰყავს არცერთი პარტნიორი. ამ მთავრობამ საქართველოს უკვე დააკარგვინა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, „ღირსეული პარტნიორის” მრავალეროვნული საწვრთნელი პროგრამა, ევროკავშირის თავდაცვის დაფინანსება, NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივა.
შესაბამისად, ეს მთავრობა შეუთავსებელია მშვიდობის და განვითარების პოლიტიკასთან საქართველოში, რადგან მშვიდობას ჭირდება ძლიერი ჯარი, მყარი პარტნიორები, დასავლური კაპიტალი და რეფორმები. რუსეთის მსახურმა ხელისუფლებამ საქართველოს ეს ყველაფერი დააკარგვინა. შესაბამისად, თითოეულმა ქართველმა ვისაც მშვიდობა და განვითარება სურს, 26 ოქტომბერს მხარი უნდა დაუჭიროს ცვლილებას“, - განაცხადა გეგელიამ.