ნატო-სთან 22-წლიანი ღია კარის პოლიტიკა “ქართულმა ოცნებამ“ დახურა!
ნატო-სთან 22-წლიანი ღია კარის პოლიტიკა “ქართულმა ოცნებამ“ დახურა! - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ნატო-ს დეკლარაციაში პირველად, საქართველო, როგორც პარტნიორი ქვეყანა მოხსენიებული არ არის, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით არ არის ჩანაწერი არც დემოკრატიული პროცესის და არც თავდაცვისუნარიანობის კუთხით.
“ვხედავთ, რომ საქართველოს ნატო-ში წინსვლა შეჩერებულია. ეს ყველაფერი “რუსული კანონის“ მიღებიდან გამომდინარეობს, რაზეც ნატო-ს გენერალური მდივან “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არაერთგზის აფრთხილებდა.
ნატო-ს საიუბილეო სამიტზე საქართველო პრემიერ მინისტრის დონეზე მიწვეული არ იყო, იმის მიუხედავად, რომ ნატოს სამიტს ახალი ზელანდია, იაპონია და აზიის ქვეყნები ესწრებოდნენ. პირველად, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შემდეგ, ნატო-ს სამიტის დეკლარაციაში საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ არ წერია.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების“ პირობებში ქვეყნის ნატო-ში წინსვლა შეუძლებელია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.