NATO-ს კომუნიკე და ერთხელ ნახსენები საქართველო - რას ამბობს თავდაცვის მინისტრი?
პირველად 16 წლის შემდეგ, ალიანსი აღარ ახსენებს საკუთარ პირობას, რომ ქვეყანა მაპს მიიღებს და საქართველო სამხედრო გაერთიანების წევრი გახდება - ხელისუფლება კი პასუხისმგებლობას გაურბის.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ფიქრობს, რომ ფაქტები, რომლის მიხედვითაც ქვეყანა ნატოს დღის წესრიგიდან ფაქტობრივად ქრება, მხოლოდ აღქმები და შეფასებებია.
ირაკლი ჩიქოვანისთვის ერთხელ გაკვრით ნახსენები საქართველო ნატოს კომუნიკეში სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.
დოკუმენტი, რომელიც გამოქვეყნდა 75-ე საიუბილეო სამიტის შემდგომ არის განსხვავებული თავისი ფორმით და შინაარსით. არაერთი საკითხი იყო, რომელიც უკავშირდებოდა ამ საიუბილეო სამიტს და ასევე სხვადასხვაა ფორმატების იუბილესაც. დოკუმენტში საქართველოს თავისი ადგილი აქვს. მნიშვნელოვანია, რომ არსებობს მკაფიო განაცხადი იმის თაობაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და საქართველოს ტერიტორიებიდან უნდა იყოს გაყვანილი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები. გაფართოების პოლიტიკასთანაც არსებობს ჩანაწერი. მე ვარ იმ ადამიანების რიგში, რომელსაც სჯერა, რომ ნატო გაფართოვდება. ჩანაწერი, რომელიც არის კომუნიკეში, საქართველოს კონსტიტუციაში, ეს ყველაფერი იქნება თავის დროზევე უზრუნველყოფილი", - ამბობს ჩიქოვანი.
16 წლის შემდეგ პირველად - ნატო საქართველოსთვის მიცემულ დაპირებებს აღარ იმეორებს. შემაჯამებელ კომუნიკეში, რომელიც ნატოს 75-ე საიუბილეო სამიტის ფარგლებში მიიღეს,
ჩვენი ქვეყანა მხოლოდ ერთხელ, მოლდოვისა და უკრაინის კონტექსტშია ნახსენები.
"მოვუწოდებთ რუსეთს, თავისი ძალები, რომლებიც თანხმობის გარეშეა განლაგებული, მოლდოვიდან და საქართველოდან გაიყვანოს" - წერია დოკუმენტში.
კომუნიკედან გამქრალია ჩანაწერები ბუქარესტის სამიტის სულისკვეთების შესახებ, რომლითაც ნატო ყოველთვის ადასტურებდა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ასევე აღარაფერს წერს პარტნიორობის, პოლიტიკური დიალოგის, ან პრაქტიკული თანამშრომლობის შესახებაც.