ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთს ინტერესებს ემსახურება, ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა - საგანგებო ბრიფინგი ლელოში
"ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთს და კრემლის ინტერესებს ემსახურება, შეაჩერა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი"- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ნატო-ს კომუნიკეს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ნატო-ს მიერ დღეს მიღებულ კომუნიკეში ჩანაწერი აღარ არის, ჩანაწერი - "საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფო", რომელიც ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტია იყო.
მისივე განცხადებით, ეს არის რუსული კანონის და ხელისუფლების რუსული პოლიტიკის უმძიმესი შედეგი.
„საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფო - ეს არის ის ჩანაწერი, რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქის და ქვეყნის სტაბილური განვითარების გარანტია იყო და ეს ასეც უნდა დარჩეს, მაგრამ ნატო-ს მიერ დღეს მიღებულ კომუნიკეში ეს ჩანაწერი აღარ არის. ხელისუფლებამ, რომელიც რუსეთს და კრემლის ინტერესებს ემსახურება და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, მოახერხა და შეაჩერა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. ეს არის რუსული კანონის და ხელისუფლების რუსული პოლიტიკის უმძიმესი შედეგი. ამიტომ ვეწინააღმდეგებოდით რუსულ კანონს და ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას. ეს წინააღმდეგობა გაგრძელდება და აუცილებლად დასრულდება საქართველოს გამარჯვებით.
დღეს დამდგარი ძალიან მძიმე შედეგი არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნაცვლად საქართველოს ინტერესების დაცვისა, დაკავებულია ქვეყნის ინტერესების საბოტაჟით. კარგი ამბავი არის ის, რომ მხოლოდ 3 თვე რჩება არჩევნებამდე, რომლითაც უნდა შეიცვალოს რუსეთის და არა საქართველოს მსახური ივანიშვილის ძალაუფლებაში ყოფნა"- თქვა ნაცვლიშვილმა.
"ლელოს" ლიდერმა საჯარო მოხელეებს და იმ ადამიანებს მიმართა, რომლებსაც ფორმა აცვიათ და ქვეყნის უსაფრთხოებას იცავან:
მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ პირს, რომელსაც აცვია ფორმა და ემსახურება საქართველოს უსაფრთხოებას და თავდაცვას: ახლა თითოეული თქვენგანის კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რათა გადავარჩინოთ საქართველოს ატლანტიკური მომავალი და უსაფრთხოების გარანტიები.
გავაკეთებთ ყველაფერს, რათა გვქონდეს კომუნიკაცია დიპლომატიურ და პოლიტიკურ წრეებთან, რათა საქართველოს უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და არ ჩაიკეტოს ევროატლანტიკური მომავალი, რისთვისაც გამალებით მუშაობს კრემლი და მისი მსახური ივანიშვილი. „ლელო“ ემსახურება ქართველ ხალხს და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ და ეს ბრძოლა დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით არჩევნებზე და რამდენიც არ უნდა ეცადოს კრემლი, საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი და საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს უსაფრთხოების უმაღლეს გარანტიას“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.