ნატო-ს მოქმედებები რუსეთისგან საპასუხო ზომების მიღებას მოითხოვს - პესკოვი

11.07.24 14:31
ნატო-ს მოქმედებები რუსეთისგან საპასუხო ზომების მიღებას მოითხოვს - პესკოვი

ნატო-ს სამიტზე მიღებული დოკუმენტებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი მშვიდობის მომხრეები არ არიან, მისი მოქმედებები რუსეთისგან საპასუხო ზომების მიღებას მოითხოვს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის მტკიცებით, ნატოს მიზანი კონფრონტაციის შენარჩუნებაა.

„ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კიდევ ერთხელ ნათლად დაადასტურა თავისი არსი. ეს არის კონფრონტაციის ეპოქაში შექმნილი ალიანსი, რომლის მიზანიც კონფრონტაციის შენარჩუნებაა.

ჩვენ ვხედავთ ნატო-ს გადაწყვეტილებას შავი ზღვის ქალაქებში ლოგისტიკური ჰაბების შექმნისა და ევროპაში დამატებითი პუნქტების გახსნის შესახებ. ჩვენ ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურა მუდმივად, თანდათანობით ჩვენი საზღვრებისკენ მოძრაობს. აშკარაა, რომ ალიანსის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენება წარმოადგენს. ეს გვავალდებულებს, რომ მიღებული დეკლარაციის ტექსტი ყურადღებით გავაანალიზოთ. ეს ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან სერიოზული საფრთხეა. ნატო-ს შეკავების მიზნით, ყოველივე ეს ჩვენგან გააზრებული, კოორდინირებული, ეფექტური საპასუხო ზომების მიღებას მოითხოვს“, - განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურები ნატო-ს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში რუსეთს მოუწოდებენ, რომ მოლდოვის რესპუბლიკიდან და საქართველოდან თავისი ძალები გაიყვანოს.