სანქციების ახალი ანონსი შეერთებული შტატებიდან - რაზე ისაუბრა უზრა ზეიამ მესამე სექტორთან

11.07.24 15:13
სანქციების ახალი ანონსი შეერთებული შტატებიდან - რაზე ისაუბრა უზრა ზეიამ მესამე სექტორთან

სანქციების ახალი ანონსი შეერთებული შტატებიდან - ვაშინგტონი შავ სიაში შეყვანას ჰპირდება ყველას, ვინც საქართველოში პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასა და დემოკრატიის ძირის გამოთხრაზე.

ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანთან გამართული შეხვედრიდან გამოიტანეს გზავნილები, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ანტიდასავლურ რიტორიკას არ შეიცვლის, შტატების მხრიდან პერსონალური სანქციების დაწესება გაგრძელდება.

როგორც უფლებადამცველი, ბაია პატარაია აცხადებს,  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უზრა ზეიამ დაადასტურა, რომ 30 პირს შტატებმა სანქციები ნამდვილად დაუწესა. 

ვუთხარით, რომ "ქართული ოცნება" უარყოფს ყველაფერს. ისინი ამბობენ, რომ სანქციები არ არსებობს, ყველაფერი კარგად არის და ასეთი ტყუილებით არიან დაკავებულები. გარკვეულ წილად გაუკვირდათ მათ, მაგრამ თქვეს რომ კიდევ ერთხელ გაიმეორებენ, რომ რუსულ კანონს, ანტიამერიკულ, ანტიევროპულ განცხადებებს საქართველოს მხრიდან მოყვება შესაბამისი შემხვედრი ნაბიჯები. 30 ადამიანს უკვე ჩაბარდა დანამდვილებით, პროცესი გრძელდება და ყველა, ვინც ჩართული იყო ადამიანის უფლებების მასიურ დარღვევაში და რუსული კანონის მიღებაში, სხვა სიებიც განიხილება და სხვა ადამიანებიც მიიღებენ ესეთ ინდივიდუალურ სანქციებს", - ამბობს ბაია პატარაია. 

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია მესამე სექტორს შეხვდა. ამის შესახებ სახდეპის მაღალჩინოსანმა X-ზე დაწერა და ხაზგასმით განაცხადა, რომ სწორედ ეს ადამიანები თამაშობენ გადამწყვეტ როლს საქართველოს დემოკრატიული და ევროატლანტიკური გზის მხარდაჭერაში.

ცნობისთვის, თბილისში ოფიციალური ვიზიტით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ჩამოვიდა - ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს ზეია პლატფორმა "X"-ზე აქვეყნებს. 

როგორც სახელმწიფო მდივნის მოადგილე სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში მისი ვიზიტი ქართველი ხალხისთვის სრული მხარდაჭერის გამოცხადებას ემსახურება.

 ვიზიტის ფარგლებში უზრა ზეია საქართველოში შეხვედრებს დემოკრატიული მმართველობის, ანტიკორუფციული სამუშაოების, პრესის თავისუფლების, მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების შესახებ გამართავს. ის ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წევრებს შეხვდება.

ზეია "ქართული ოცნების" წევრებს პირადად კიდევ ერთხელ გადასცემს აშშ-ს სერიოზულ შეშფოთებას „უცხოური გავლენის“ კანონთა, სხვა არალიბერალურ კანონმდებლობასთან და საქართველოს მთავრობის მავნე რიტორიკასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, სავარაუდოდ, არადემოკრატიულ და დეზინფორმაციულ განცხადებებს მიმოიხილავს, რომელმაც საქართველო-ამერიკის ურთიერთობა დააზიანა.