რუსული კანონის მოქმედება შესაძლოა, საკონსტიტუციომ შეაჩეროს - სასამართლოში სარჩელი პრეზიდენტის ხელმოწერით შევა?
რუსული კანონის მოქმედება შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩეროს - პრეზიდენტის სასახლეში ამ წუთებში სარჩელის თემაზე კონსულტაციები მიდის. საქართველოს მთავარ სასამართლოში რუსული კანონის ანტიკონსტიტუციურად ცნობას სამოქალაქო სექტორი მოითხოვს, თუმცა რადგან პრეზიდენტთანაა კონსულტაციები, შესაძლოა, სარჩელი პრეზიდენტის სახელით შევიდეს.
ცოტა ხნის წინ "პირველებმა" გადაიღო კადრები, როგორ შედიან პრეზიდენტთან შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის ოპოზიციის წარმომადგენლები.
"პირველების" ინფორმაციით, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ორშაბათს შევა. რამდენიმე წუთის წინ, ორბელიანების სასახლეში მივიდა ეკა ბესელია.
როგორც მან TV პირველს განუცხადა, რუსული კანონის აღსრულება მინიმუმ სასამართლოს დასრულებამდე უნდა შეჩერდეს.
რაც შეეხება პრეზიდენტის როლს, როგორც ეკა ბესელია აღნიშნავს, კონსტიტუციაში არსებული სპეციალური ჩანაწერის, 78-ე მუხლის გასაჩივრება მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია.
უმრავლესობა ამ ორგანიზაციების არ აპირებს რეგისტრაციაში გავლას, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოში ამ კანონის გასაჩივრება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ შეჩერდეს ამ კანონის მოქმედება და მისი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ის მაინც უნდა მოხდეს სასამართლოს მიერ, რომ იმისთვის, რომ თავიდან იყოს აცილებული გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც შეიძლება მიადგეს სექტემბერში ამ კანონის ამოქმედებას, შეაჩეროს სასამართლომ მისი მოქმედება. ამ სარჩელის მომზადების პროცესში ჩართულია ბევრი ადამიანი, არასამთავრობო სექტორი.
პრეზიდენტს აქვს მხოლოდ უფლება, განსხვავებით სამოქალაქო სექტორისგან, 78-ე მუხლი, რომელიც არის სპეციალური ჩანაწერი კონსტიტუციაში ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, ამ მუხლით გასაჩივრდეს", - ამბობს ბესელია.
შეხვედრამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელმა გიორგი გოცირიძემაც. მისი თქმით, ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, აპირებს თუ არა პრეზიდენტი სარჩელის შეტანას.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას, ვინაიდან, მედიას აკისრებს ვალდებულებას დარეგისტრირდეს უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად. იგივე ვალდებულებას აკისრებს არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს ნორმა ეწინააღმდეგება გაერთიანების თავისუფლებას. ამავდროულად, ეს კანონი არის დისკრიმინაციული.
სარჩელი, პრაქტიკულად მომზადებულია... პრეზიდენტი თუ გადაწყვეტს ის, ბუნებრივია, შეიტანს [სარჩელს]. მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია და ეს შეხვედრები ზუსტად იმას ემსახურება, რომ ინფორმაცია გავცვალოთ". - თქვა გოცირიძემ.