რა შემთხვევაში შეეხებათ ამნისტია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებს?

11.07.24 15:18
რა შემთხვევაში შეეხებათ ამნისტია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებს?

საყოველთაო ამნისტია რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებულებს ნაწილობრივ შეეხება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, ამნისტია იქნება იმ შემთხვევაში თუ კონკრეტულ შემთხვევებზე "დაზარალებულის", მაგალითად შსს-ს თანხმობა იქნება.

თუ საუბარია ისეთ პირებზე, რომლებსაც დაზიანებული აქვთ სხვისი ნივთი და ეს ნივთი აღემატება იგივე 150 ლარს, რაც არის ზღვარი დღეს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აქ არის განსხვავებული მიდგომები რასაკვირველია, მაგრამ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია თანხმობის მექანიზმის ჩადება და ეს არის უნივერსალური წესი, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში სხვისი ნივთის დაზიანებასთან დაკავშირებით არის", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

"ოცნების" წევრი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ არ იცის, როგორ შეეხება ამნისტია რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციაზე დაკავებულებს, თუმც ააღნიშნავს, რომ ახალგაზრდების ნაწილში იქნება გათვალისწინებული.

იქ ვინც ძალადობდა პოლიციელზე, ძალადობდა მოქალაქეზე, ძალადობდა, ანგრევდა, არვიცი რამდენად შეეხება, მაგრამ იქ რომ რაღაცა გავითვალისწინოთ, ახალგაზრდების ნაწილში იქნება გათვალისწინებული", - ამბობს ირაკლი ზარქუა.

საყოველთაო ამნისტია არჩევნების წინ - 3000-ზე მეტ პატიმარს და 7000 პრობაციონერს ამნისტია შეეხება. პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.

რამდენიმე დღის წინ "პირველები" ყვებოდა, რომ ამნისტია მასშტაბური იქნებოდა და მსჯავრდებულების დიდ რაოდენობას შეეხებოდა.

მაშინ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამნისტიის პუნქტებზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს.

რაც შეეხება, შეეხება თუ არა ამნისტია იმ მუხლებს, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტია გასამართლებული - ამაზე მდინარაძემ თქვა, რომ "გამორიცხული მგონია, რა მუხლებსაც ვიხსენებ, მისი მუხლები აქ არ უნდა ეწეროს და დიდი სურვილიც არ არის ამის".

ოპოზიციის თქმით, კი "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ამნისტიის გამოცხადებას ხმების მობილიზების მიზნით აკეთებს.