"აირჩიე ევროპა" - ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა

11.07.24 15:36
"აირჩიე ევროპა" - ახალი სამოქალაქო მოძრაობა დაფუძნდა

"აირჩიე ევროპა" - დღეიდან ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი მოძრაობა ჩნდება. როგორც მოძრაობის პრეზენტაციაზე მისმა თანადამფუძნებელმა, ხათუნ ლაგაზიძემ განაცხადა, მოძრაობის მთავარი მიზანი საქართველოსთვის ევროპული კურსის დაბრუნება და სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგება არის. 

ხათუნა ლაგაზიძემ სიტყვით გამოსვლის დროს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ 26 ოქტომბერს რეფერენდუმი ჩატარდება, რომლითაც ქვეყანა ან ევროპულ რელსებს დაუბრუნდება, ან გახდება რუსეთის ფედერაციის ნაწილი. 

26 ოქტომბერს გადაწყდება, გავაგრძელებთ თუ ვერა თავისუფლად სუნთქვას. ჩვენი ხელისუფლება ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე უარს ამბობს, ესე იგი უარს ამბობს საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ამიტომ არის 26 ოქტომბერი რეფერენდუმი. ვისაც დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრება გვინდა, ვირჩევთ ევროპას. ჩვენი მოძრაობა სწორედ ამ თავისუფლების, საქართველოს ევროპული მომავლის, ევროპული არჩევანის გასაკეთებლად და დასაცავად იქმნება. შეჩერდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ვკარგავთ ყველაფერს, რაზეც დგას ქართული სახელმწიფო. ქართველების ცივი გენოციდი "ქართული ოცნების" შედეგია. ამიტომ ჩვენი ვალია, ევროპული აწმყო შევქმნათ აქ და დავაბრუნოთ ევროპული მომავლისთვის", - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.