"ციხეში დამნაშავეები სხედან და არა სტიქაროსნები" - ხვიჩია "ოცნებას"

11.07.24 15:39
"ციხეში დამნაშავეები სხედან და არა სტიქაროსნები" - ხვიჩია "ოცნებას"

იმის გამო, რომ სააკაშვილი რაღაცა მუხლით იხდის სასჯელს, იმის გამო, მე რატომ უნდა დავზარალდე?  - "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექთან დაკავშირებით იმ მუხლებთან დაკავშირებითაც, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ეხება, სხვა პატიმრებთან მიმართებით არათანასწორი მიდგომაა.

"ციხეში დამნაშავეები სხედან და არა სტიქაროსნები და მათი დაყოფა, რომელი დამნაშავე მე მომეწონება და რომელი არა , ამის მიხედვით, ჩემი აზრით, სწორი არ არის" - ამბობს  "გირჩის" ლიდერი და აცხადებს, რომ ამ კანონპროექტის ფარგლებში "ოცნებასთან" ერთად იმუშავებს, თუმცა არ ეთანხმება, რომ კანონპროექტის მიღება არა დაუყოვნებლივ, არამედ სექტემბერში იგეგმება.

აქ არის ისეთი დათქმებიც, რომელსაც ვეთანხმებით და ვეცდებით ვიმუშაოთ ქოცებთან ერთად მის გაუმჯობესებაზე. რაც არ მოგვწონს, არის ის, რომ ამ კანონპროექტის განხილვა იწყება ახლა და მიება სექტემბერში, როცა ათასი უაზრო კანონი დაჩქარებული წესით მიგვიღია. ახლა, როცა პატიმრებს ვეუბნებით, რომ ვათავისუფლებთ, მემგონი ეს დაუყოვნებლივ უნდა ვუთხრათ ეს და ეს არ უნდა გადავდოთ სექტემბრისკენ. ყველას გვესმის, რომ ციხეში დამნაშავეები სხედან და არა სტიქაროსნები და მათი დაყოფა, რომელი დამნაშავე მე მომეწონება და არ მომეწონება, ამის მიხედვით, ჩემი აზრით, სწორი არ არის და მიხეილ სააკაშვილს რაც ეხება იმ მუხლებთან დაკავშირებითაც არათანასწორი მიდგომაა სხვა პატიმრებთან მიმართებით. იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილი რაღაცა მუხლით იხდის სასჯელს, იმის გამო, მე რატომ უნდა დავზარალდე?"- ამბობს იაგო ხვიჩია.

საყოველთაო ამნისტია არჩევნების წინ - 3000-ზე მეტ პატიმარს და 7000 პრობაციონერს ამნისტია შეეხება. პარლამენტში ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა.

რამდენიმე დღის წინ "პირველები" ყვებოდა, რომ ამნისტია მასშტაბური იქნებოდა და მსჯავრდებულების დიდ რაოდენობას შეეხებოდა.

მაშინ მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ ამნისტიის პუნქტებზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე თვეა, რაც მუშაობს.

რაც შეეხება, შეეხება თუ არა ამნისტია იმ მუხლებს, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტია გასამართლებული - ამაზე მდინარაძემ თქვა, რომ "გამორიცხული მგონია, რა მუხლებსაც ვიხსენებ, მისი მუხლები აქ არ უნდა ეწეროს და დიდი სურვილიც არ არის ამის".

ოპოზიციის თქმით, კი "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ამნისტიის გამოცხადებას ხმების მობილიზების მიზნით აკეთებს.