უთხრა თუ არა რომ "შეცდომაშია შეყვანილი" - რას ამბობს უზრა ზეიასთან შეხვედრიდან გამოსული ნინო წილოსანი?
რუსულ კანონზე ხელმომწერი დეპუტატები ამერიკელი მაღალჩინოსნის პირისპირ - ივანიშვილის პარტიის ქალი დეპუტატები სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უმტკიცებდნენ, რომ ამერიკელები შეცდომაში არიან შეყვანილები.
რა არგუმენტები ჰქონდათ რუსული კანონის დასაცავად, ამაზე "ოცნების" დეპუტატი ნინო წილოსანი საჯაროდ საუბარს თავს არიდებს. არც იმას ამბობს, გაუჟღერა თუ არა პირისპირ საუბარში უზრა ზეიას ის განცხადებები და ბრალდებები, რომლებიც "ოცნების" დეპუტატების მხრიდან ყოველდღიურად ისმის.
დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფო მდივნის მოადგილისთვის ცნობილი გახდა უამრავი ფაქტი და არგუმენტი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას არაერთი გაუჟღერებია საჯაროდ და არაერთზე უსაუბრია, ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა გაიმართა იმისთვის, რომ არა ცალმხრივად ყოფილიყო მოწოდებული ინფორმაცია, არამედ ჩვენი მხრიდანაც და ხელისუფლების მხრიდანაც გაეგოთ ის კონკრეტული მოტივაცია, რატომაც ესა თუ ის პროცესი, ესა თუ ის კანონი ინიცირდება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
უზრა ზეია კი შეხვედრებს განაგრძობს - ამერიკის მაღალჩინოსანი ოპოზიციონერ ქალ პოლიტიკოსებს ხვდება. შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს.