სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობასა და თავდაცვისუნარიანობაზე - პაპუაშვილი უვადოდ შეჩერებულ წვრთნებზე
"ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობასა და თავდაცვისუნარიანობაზე. ესეც გარკვეული გამოცდილება და გაკვეთილია" - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ უვადოდ შეჩერებული სამხედრო წვრთნების შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
ჩვენი ქვეყნის ინტერესებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არავინ დააყენებს. ამიტომ ჩვენ არც სხვების ინტერესი უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა - ამბობს პაპუაშვილი და აღნიშნავს, რომ ჯარისთვის განსაზღვრული თანხა, რომ NGO სექტორში გადაინაცვლებს, "ეს ყველაფერზე მეტყველებს".
„მაშინ, როცა ნატო-ს ჯარები ავღანეთიდან გამოდიოდნენ, საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო მათი სწრაფი გამოყვანა. მაშინ საქართველომ შეასრულა გადამწყვეტი როლი და ამაზე დიდ მადლობასაც ვიღებდით. სამწუხაროა, რომ გარკვეული პოლიტიკური გემოვნებებით თუ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე ხდება ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ჩვენს გასაკეთებელ საქმეს სხვა არ გააკეთებს და რა თქმა უნდა, თავდაცვის ძალები უპირველეს ყოვლისა ჩვენი ინტერესის სფეროა. ეს ფაქტიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფომ თავად უნდა იზრუნოს საკუთარ ქვეყანაში მშვიდობასა და თავდაცვისუნარიანობაზე. ესეც გარკვეული გამოცდილება და გაკვეთილია. სახელმწიფოს ინტერესია, საკუთარ თავდაცვის ძალებზე ზრუნვა, სხვა შემთხვევაში ვხედავთ, რომ სხვების დახმარება შეიძლება გახდეს პოლიტიკური კონიუქტურის მსხვერპლი.
მაშინ, როცა 2008 წელს იყო ჩვენთვის დამანგრეველი ომი, ამ ომის შემდეგ ომგამოვლილ ქვეყანას 6 წელი, 2013-2014 წლამდე, ნატო-ს არცერთი ქვეყანა იარაღს არ აძლევდა. არათუ გვჩუქნიდა, მოყიდვაზეც კი ჰქონდათ აკრძალვა. ეს სამწუხარო ფაქტი იყო. იმ დროს „ნაციონალური მოძრაობა“ ამას მალავდა, არ იცოდა საზოგადოებამ. ფაქტობრივად, საქართველო, ომგამოვლილი ქვეყანა იყო სანქციის ქვეშ. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს არავინ საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე მაღლა არ დააყენებს. ამიტომ ჩვენ არც სხვების ინტერესი არ უნდა დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესზე მაღლა.
რაც შეეხება ჯარისთვის განსაზღვრულ თუ ქვეყნისთვის განსაზღვრულ თანხას, გადაინაცვლებს NGO სექტორში. ეს აჩვენებს, რაც ხდება. ვინც ატარებს მათ ინტერესს, იქით მიდის ფული. თუ მიიჩნიეს, რომ შესაძლოა საქართველოს მთავრობა არ ატარებს სხვა მთავრობის ინტერესებს, გადაინაცვლა იქით, ვინც ატარებს მათ ინტერესს. ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ ასეთი ფულის უკან დგას ხოლმე ინტერესები და ამ ინტერესს მიეცა კალაპოტი. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ გამჭვირვალობას შეიძლებოდა ასეთი რეაქციები მოჰყოლოდა ”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
აშშ-მა საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი" განუსაზღვრელი ვადით გადადო .
ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.
განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.