"დააკვირდით გრძელვადიანად არჩევნებს" - რა გზავნილით მივიდნენ არასამთავრობოები ბლინკენის მოადგილესთან

12.07.24 12:59
"დააკვირდით გრძელვადიანად არჩევნებს" - რა გზავნილით მივიდნენ არასამთავრობოები ბლინკენის მოადგილესთან

როდის ჩამოვა საქართველოში პირველი სადამკვირვებლო მისია საარჩევნო პროცესის შესასწავლად - ამ წუთებში ამერიკელი მაღალჩინოსანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება.

ბლინკენის მოადგილესთან უზრა ზეიასთან სასაუბროდ არჩევნების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მივიდნენ.

დახურულ შეხვედრას ესწრებიან NDI-სა და IRI-ის წევრებიც. შეხვედრა სრულად 26 ოქტომბერს დაგეგმილ გადამწყვეტ არჩევნებს ეთმობა.

მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ "ოცნება" ხალხის ხმების მისატაცებლად უკვე ემზადება, ამიტომ ზეისთან ყველა ერთი მარტივი თხოვნით მივიდა - არჩევნებზე დაკვირვება გრძელვადიანად მოხდეს და არა მხოლოდ არჩევნების დღეს.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ არჩევნების დღეს არჩევნები არ ყალბდება. კარგად ვიცით ის პრაქტიკა, რომ არჩევნებამდე იმართება ის პროცესები, რომელიც საფრთხეს უქმნის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. აქედან გამომდინარე, აშშ-ისაც და სხვა საერთაშორისო პარტნიორებსაც ვთხოვთ, რომ დააკვირდნენ გრძელვადიანად,“ - ამბობს ნანუკა ყრუაშვილი.

"სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი დაკვირვება და გამჭვირვალობაა, „რუსული კანონი“ კი ამ მიმართულებით დამაზიანებელია და ხელს შეუშლის სადამკვირვებლო ორგანიზაციების ფუნქციონირებას.

წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსი არ უნდა იყოს გამოყენებული, არ უნდა მოხდეს ზეწოლა, მუქარა, მოსყიდვა, უნდა იყოს თანაბარი პირობები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისთვის. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის არჩევნებზე დაკვირვება და გამჭვირვალობა, ამიტომაა ეს რუსული კანონი დამაზიანებელი, რომ ის ხელს შეუშლის სადამკვირვებლო ორგანიზაციების ფუნქციონირებას,“ - ამბობს ნინო დოლიძე.

ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ამომრჩეველს გაცნობიერებული აქვს, რა არჩევანის წინაშე იქნებიან 26 ოქტომბერს და მათი ნების ასასახად კი საჭიროა სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

ჩვენ ვიცით ქართველი ხალხის დამოკიდებულება, რამდენად კარგად ესმის ქართველ ხალხს, როგორი მნიშვნელოვანი არჩევნების წინაშე დგას საქართველო, როგორი ეგზისტენციალური გადაწყვეტილების წინაშე არის. ქართველი ხალხის განწყობილება არის პროდასავლური, ხელისუფლების არის სულ სხვა მნიშვნელოვანი, ამისთვის კრიტიკულად აუცილებელია, რომ სამართლიანი არჩევნების საფუძველზე ჩვენი ნება ზუსტად აისახოს არჩევნების შედეგებში,“ - ამბობს  ალექსანდრე ბარამიძე. 

მსგავსი სიახლეები