როგორ იმოქმედებს ამნისტია ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე? - რას ეჭვობს ოპოზიცია

12.07.24 13:32
როგორ იმოქმედებს ამნისტია ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენულ მდგომარეობაზე? - რას ეჭვობს ოპოზიცია

ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობა მომდევნო კვირას დაიწყება - ხელისუფლების ოპონენტები „ქართულ ოცნებას“ ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის ნაწილი ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობაში ჩაერთვება, ნაწილი კი კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება.

ოპოზიციონერი დეპუტატები ვარაუდობენ, რომ ამ დოკუმენტის ძალაში შესვლით ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება გაუარესდება.

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ „ოცნების“ გათვლა ამნისტიის დაანონსებით არჩევნების ხმების მობილიზება იყო.

ჩვენთვის მოულოდნელი არ იყო, რომ ქართული ოცნება კიდევ ერთ მზაკვრობას შემოაგდებდა პარლამენტში, იმიტომ, რომ ამნისტიის რეალური პროექტი ოპოზიციის მიერ იყო ინიცირებული და არის პარლამენტში, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართული ოცნება ამ ამნისტიის პროექტით ხელს უწყობს სამოქალაქო დაპირისპირებას, ქუჩაში ძალადობის გაღვივებას, იმიტომ, რომ ყველა მოძალადეს თავზე გადაუსვა ხელი და ეუბნება, რომ დანაშაული ეპატიება, ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, ძალადობის გაღრმავება ქვეყანაში,“ - ამბობს კორძაია.

ხმების მოსყიდვის მცდელობად აფასებს ამნისტიის პროექტის შემუშავებას ოცნების მხრიდან თეონა აქუბარდია.

ამნისტია მიუხედავად იმისა, რომ არის ჰუმანური აქტი, წინააღმდეგი როგორ შეიძლება ვიყოთ, წინასაარჩევნოდ ამ საკითხის წამოწევა ეს რა თქმა უნდა, ქართული ოცნების მხრიდან ხმების მოსყიდვის კიდევ ერთი მცდელობაა. პროექტს არ ვიცნობ, შესაბამისად, ვნახავ რა წერია და იმის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ეს არის მანკიერი პრაქტიკა ქართული ოცნების წინასაარჩევნოდ მოფიქრებული,“ - ამბობს თეონა აქუბარდია.

მართლმსაჯულების სისტემა რომ შესაცვლელია ამაზე საუბრობს ელენე ხოშტარია. 

ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების სისტემა არ არსებობს, არ არსებობს მიახლოებული სამართალთან სისტემა - ამნისტია იქნება ეს, რაც თავისთავად ცუდი არ არის, მაგრამ ზოგადად, პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ პარტიული ინტერესების მიხედვით ქართული ოცნების პირობებში. ჩვენ გვაქვს სამომავლოდ ძალიან დიდი ამოცანა, რომ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემა მოცილდეს პარტიულ ინტერესებს,“ - ამბობს ელენე ხოშტარია.

ანა ბუჩუკური თვლის, რომ დასაბუთება არ მოუსმენია ხელისუფლების მხრიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტთან დაკავშრებით.

ერთი მხრივ, ამნისტია არის ჰუმანური აქტი, მაგრამ ამნისტია უნდა ეფუძნებოდეს ანალიზს, ამნისტია არ უნდა იწვევდეს ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებას. ეს დასაბუთებამ, ან ზოგადად, ამაზე მსჯელობა მე ხელისუფლების მხრიდან არ მომისმენია. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ყველასთვის მგონი გასაგებია, რატომ გაახსენდა წინასაარჩევნოდ ამნისტია ქართულ ოცნებას,“ - ამბობს ანა ბუჩუკური.

მსგავსი სიახლეები