გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიები საარჩევნოდ - რა გზავნილები ჰქონდა ბლინკენის მოადგილეს
მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა - ეს იყო მთავარი სასაუბრო თემა ბლინკენის მოადგილესა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის.
შეხვედრაზე იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რის წინაშეც შეიძლება ქვეყანა საარჩევნო პერიოდში აღმოჩნდეს.
ძირითადი სასაუბრო თემა იყო არჩევნები, როგორ ვაპირებთ არჩევნებზე დაკვირვებას, რა მდგომარეობაა ახლა და რა მოლოდინები შეიძლება იყოს წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, იქნება თუ არა სამართლიანი და როგორი შესაძლებლობა იქნება სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის. კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ და იმ საქმიანობის მიმართ, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ქვეყანაში ვახორციელებთ. სწორედ ამიტომ ჰყავთ გრძელვადიანი მისიები ქვეყანაში, რომ თუკი წინასაარჩევნო პერიოდში იქნება პრობლემები, ეს რა თქმა უნდა, აისახება შეფასებაზე არჩევნების დღის,“ - ამბობს ნინო დოლიძე.
როგორც საია-ს წარმომადგენელი ნანუკა ყრუაშვილი ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი გზავნილი იყო, რომ პარტნიორები გაცილებით მკაფიოები იყვნენ თავიანთ განცხადებებში.
მათი მხარდაჭერა საკმაოდ დამაიმედებელი იყო, ერთი, იმ კუთხით, რომ სწორედ ისინი სვამენ კითხვას ამის შესახებ, რომ მათ აინტერესებთ, ჩვენ რას ვფიქრობთ ამაზე. ჩვენი მხრიდან მესიჯები გაჟღერდა, რომ ისინი უნდა იყვნენ საკმაოდ პირდაპირები, როდესაც განცხადებებს აკეთებენ, მათ უნდა გააკეთონ სწორი განცხადებები, რასაც ისინი უკვე აკეთებენ, თუმცა საკმაოდ მკაფიო იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იგრძნონ საზოგადოებამ თავი, განსაკუთრებით სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, როდესაც საქმე ეხება არჩევნებს. სწორედ ეს წუხილი გააჟღერეს მათაც მათი მხრიდან და ჩვენგან დადასტურება სჭირდებოდათ, რომ უნდა მოხდეს თუ არა მსგავსი რამ,“ - ამბობს ნანუკა ყრუაშვილი.
ალექსანდრე ბარამიძის თქმით, პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა მხარდაჭერა სამოქალაქო სექტორის მიმართ.
ჩვენ მივესალმებით დასავლელი პარტნიორების გადაწყვეტილებას, რომ განაგრძონ ქართული არსამთავრობო სექტორის, ქართული სამოქალაქო სექტორის და მედიის მხარდაჭერა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ - ამბობს ალექსანდრე ბარამიძე.