"არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს" - მსხილაძე საპენსიო კანონში ცვლილებებზე

12.07.24 15:20
"არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს" - მსხილაძე საპენსიო კანონში ცვლილებებზე

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრების დანიშვნის პროცედურის პრემიერის ხელში ჩაგდება მიუღებელია. ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ისაუბრა.

გიორგი მსხილაძის თქმით, აღნიშნული ცვლილება აჩენს ეჭვს, რომ საბჭო მმართველი ძალის ინტერესების გმატარებელი კადრებით დაკომპლექტდება, ფონდის ინვესტიციებს კი "ოცნება" საკუთარი გადაწყვეტილებებისამებრ ნაკლებად მნიშვნელოვან პროექტებზე მიმართავს. მსხილაძის განმარტებით, აღნიშნული მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს არ ემსახურება.

პრეზიდენტი მმართველ პარტიას მოუწოდებს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებით იმოქმედოს.

ამასთან, მსხილაძემ თქვა, რომ პრეზიდენტი კანონს უკან პარლამენტში აგზავნის, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელს 5 დღის ვადაში მოაწერს. 

განხორციელებული ცვლილებებით საპენსიო ფონდის მმართველი საბჭოს წევრებს დანიშნავს პრემიერ-მინისტრი. მაშინ, როცა ადრე მოქმედი მოდელით ფონდის საინვესტიციო საბჭოს წევრებს ირჩევდა პარლამენტი. მიუღებელი და დაუშვებელია ამ პროცესის პარლამენტიდან გატანა და პრემიერ-მინისტრის ხელში ძალაუფლების ამგვარი კონცენტრაცია. აღნიშნული ცვლილება აჩენს ეჭვს, საბჭო დაკომპლექტდეს მმართველი ძალის ინტერესების გამტარებელი კადრებით, ეს კი შესაძლებელს გახდის ფონდის ინვესტიციები განხორციელდეს მმართველი ძალის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით სხვა და სხვა სამთავრობო ნაკლებად მომგებიან პროექტებში და არ მოემსახურება მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებს. 
პენსიის რეფორმა საქართველოში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმად ითლებოდა, რის გამოც გაუმართლებელია ასეთი ცვლილებების მიღება, რომელიც რეპუტაციულად აზიანებს ამ რეფორმას, არყევს მის მიმართ მოსახლეობის ნდობას. მყარი საპენციოს სისტემა და მისი სანდოობა პირდაპირ დაკავშირეულია მოქალაქეთა კეთილდღეობასთან. შესაბამისად, მოვუწოდებთ, საქართველოს მთავრობას, იმოქმედოს საქართველოს მილიონ ნახევარზე მეტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. 
აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული არ ნიშნავს პარლამენტში მოტივირებული შენიშვნების კანონის გადმოღებას ე.წ. ვეტოს. პრეზიდენტი იყენებს კონსტიტუციურ უფლებას, აგზავნის კანონს უკან პარლამენტში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე 5 დღის ვადაში მოაწერს ხელს, - განაცხადა გიორგი მსხილაძემ. 

 

პარლამენტის მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა იცვლება - კერძოდ, ჯერ კიდევ არსებული ორი დამოუკიდებელი, სამეთვალყურეო და საინვესტიციო საბჭოს ნაცვლად, ერთიანი მმართველობითი საბჭოთი შეიქმნება. ასევე იზრდება ლიმიტი, რომლითაც საპენსიო ფონდი მსხვილი პროექტების დაფინანსებას შეძლებს. ეს შესაძლებლობა დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელის შემთხვევაშიც ჩნდება.

კანონი სრულად 2025 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდება.

 

მსგავსი სიახლეები