ყიდულობენ ახალ ავტომობილებს იმ ფულით, რომლითაც შეგვეძლო მოგვეგვარებინა ბავშვთა უფასო კვების პროგრამა - ურუშაძე
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ვერ შექმნა უკეთესი ცხოვრება საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათი მიზანი მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრია. ახლა ყიდულობენ ახალ ავტომობილებს იმ ფულით, რომლითაც შეგვეძლო მოგვეგვარებინა ბავშვთა უფასო კვების პროგრამა, ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას შეცლიდა უკეთესობისკენ,"- ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ გააკეთა.
ურუშაძე გამოეხმაურა პარლამენტის მიერ ახალი ავტომობილების შეძენაზე გაკეთებულ განაცხადს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ და მათმა პარლამენტარებმა ვერ მოახერხეს და ვერ შექმნეს უკეთესი ცხოვრება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვერც დამატებითი სამუშაო ადგილები, ვერც სოციალური პირობები, ვერც ბავშვთა უფასო კვების პროგრამა უზრუნველყვეს სკოლებში. რეალურად, ყველა ის გამოწვევა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, არის კვლავ მოუგვარებელი, თუმცა ისეთი ფუფუნების და კომფორტის საგნები, როგორიც არის ძვირადღირებული ავტომობილი, საწვავი, მათთვის ხელფასების გაზრდა, ეს არის ის ამოცანა და მიზანი, რომელიც აქვთ რეალურად ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებს. ისინი ფიქრობენ გამდიდრებაზე, საკუთარ კომფორტზე და ახლა სჭირდებათ ახალი ავტომობილები, რომელსაც ყიდულობენ იმ ფულით, რომლითაც მაგალითად შეგვეძლო მოგვეგვარებინა ბავშვთა უფასო კვების პროგრამა, იმ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხი, რომელიც თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას შეცლიდა უკეთესობისკენ,“ - განაცხადა ვასო ურუშაძემ.