"MEGOBAR აქტს" ვერავითარ შემთხვევაში მეგობრულს ვერ ვუწოდებთ - კობახიძე

13.07.24 15:02
"MEGOBAR აქტს" ვერავითარ შემთხვევაში მეგობრულს ვერ ვუწოდებთ - კობახიძე

"სამწუხაროა, რომ აქტს, რომელსაც "„MEGOBARI აქტი" ჰქვია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ მეგობრულს" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.

რუსული კანონის მხარდამჭერმა პრემიერმა "მეგობარ აქტს" "არამეგობრული" უწოდა და თქვა, რომ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადახედვას საჭიროებს. 

სამწუხაროა, რომ აქტს, რომელსაც „მეგობარი აქტი“ ჰქვია, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ მეგობრულს. ანუ, არამეგობრულ აქტს ეწოდება „მეგობარი აქტი“. ეს მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზულად არის საჭირო ურთიერთობების გადახედვა. ასეთი ნაბიჯები ხელს ვერ შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას ორ ქვეყანას შორის. იმედი მაქვს, მომავალში სხვა მიმართულებით განვითარდება პროცესები“,- განაცხადა კობახიძემ.

41 მომხრე, 6 წინააღმდეგი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა „MEGOBARI აქტი" მიიღო. შესაბამისი კენჭისყრა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.

ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, შემოკლებით “MEGOBARI” აქტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის კენჭისყრაზე დღეს იქნა გატანილი.

ჰელსინკის კომისიის თანახმად, ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენებმა სტივ კოენმა (ტენესი), რიჩარდ ჰადსონმა (ჩრდილოეთ კაროლინა), მარკ ვეისმა (ტეხასი) წარუდგინეს.

MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:

  • დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
  • დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
  • ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
  • არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
  • რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
  • სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
  • დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
  • ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
  • ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
  • ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;
  • რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
  • ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.

 

მსგავსი სიახლეები