ურთიერთობების გაჯანსაღებას არ წაადგება - კობახიძე პარტნიორების მხრიდან დაფინანსების შეჩერებაზე

13.07.24 15:21
ურთიერთობების გაჯანსაღებას არ წაადგება - კობახიძე პარტნიორების მხრიდან დაფინანსების შეჩერებაზე

პარტნიორების მხრიდან 30 მილიონიანი დაფინანსების შეჩერებას საქართველოს პრემიერმა სამწუხარო გადაწყვეტილება უწოდა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას.

პრემიერი ირწმუნება, რომ 2030 წლისთვის საქართველო, სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

„ეს არის სამწუხარო გადაწყვეტილება. ეს ურთიერთობების გაჯანსაღებას არ წაადგება. 3 - 4 წლის განმავლობაში საქართველოში ისეთი პროცესები განვითარდა, რომ თვისობრივად გარკვეული სირთულეები შეიქმნა ურთიერთობებში და ამას გადატვირთვა და გაჯანსაღება სჭირდება.

ასეთი გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებასა და გადატვირთვას. ძალიან სამწუხაროა, ეს ყველაფერი, თუმცა ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. მე მჯერა, რომ მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისიდან ურთიერთობები გაჯანსაღებას დაიწყებს.

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი. ვიტყვი, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ამისთვის შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდება“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსნებთ, რომ EU-მ კი საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევრო გაყინა.

მსგავსი სიახლეები