პარლამენტი პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას ბლოკავს?
პარლამენტი პრეზიდენტის მიერ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას ბლოკავს? - რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია.
ოფიციალური განცხადების თანახმად, პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს, რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 მაისს პრეზიდენტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის კანდიდატურას, რათა მეტად აღარ შეფერხდეს და გაჭიანურდეს ეროვნული ბანკის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი.
- ცნობილია, რომ პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პარლამენტს ასარჩევად ეკატერინე ღაზაძის კანდიდატურა წარუდგინა.
ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ცნობით, შერჩეული კანდიდატი ადმინისტრაციამ პარლამენტს 4 თვის წინ წარუდგინა, თუმცა განხილვა არც ერთ დონეზე არ დაწყებულა.
საქართველოს პრეზიდენტმა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატურების შერჩევის პროცესი წარმართა შეუფერხებლად და გამჭვირვალედ და 2024 წლის 24 მაისს საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული მაღალი კვალიფიკაციის მქონე კანდიდატი, თუმცა ამ დრომდე პარლამენტში არცერთ დონეზე არ დაწყებულა წარდგენილი კანდიდატურის განხილვა.
სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ეტაპზე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს პარლამენტს შესარჩევი კომისიის მუშაობაზე დაკვირვების მიზნით პარლამენტის წარმომადგენლის ჩართულობის შესახებ. პარლამენტმა აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო"- წერს ადმინისტრაცია.