ვერ ვხედავ პრობლემას, პარლამენტში არ ვიყოთ წარმოდგენილი - ლევან ხაბეიშვილი

28.07.21 17:41
ვერ ვხედავ პრობლემას, პარლამენტში არ ვიყოთ წარმოდგენილი - ლევან ხაბეიშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისში  პარლამენტის ბოიკოტის საკითხზე აქტიური კონსულტაციები 3 სათზე მეტია, რაც მიმდინარეობს. პარტიის ლიდერები იმ საკითხზე მსჯელობენ, რაც  ,,ქართული ოცნების" დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ წამოიჭრა. 

,,ენმ"-ს ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, ,,ნაცმოძრაობა" ბოლო დროს განვითრებული მოვლენების ფონზე ისედაც პარლამენტის ბოიკოტის რეჟიმშია და თუ აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამაში პრობლემას ვერ ხედავს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ,,ოცნებამ" დღეს არჩევნების წაგება წინასწარ აღიარა და ამას მხოლოდ  გაფორმება სჭირდება.

,,ოცნებამ" და კობახიძემ დღეს გააკეთეს კაპიტულაციის შესახებ განცხადება,  მათ ფაქტობრივად აღიარეს ჯერ არ ჩატარებულ არჩევნებში დამარცხება. ისინი ცხადად ხედავენ, რომ 30%-ზე მეტი მხარდაჭერა არ აქვთ. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, მოსახლეობაში ნიჰილიზმი დათესონ, რომ არჩევნები არ იქნება. მე მინდა ყველა დავარწმუნო, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება. 

რაც შეეხება პარლამენტში მოღვაწეობის გაგრძელებას, თქვენ იცით, რომ ბოლო პერიოდში ,,ენმ" იყო მისი ბოიკოტის რეჟიმში, ამჟამად მიმდინარეობს კონსულტაციები პარტიაში, ვერ ვხედავ პრობლემას იმაში, რომ პარლამენტშია არ ვიყოთ წარმოდგენილი. ამაზე უფრო მთავარია 2 თვეში ჩასატარებელი არჩევნები. ,,ოცნება "არის დამარცხებული და ამას დასჭირდება გაფორმება - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

,,ენმ"-ს წევრის, თინა ბოკუჩავას, თქმით, თუ ოპოზიცია პარლამენტის დატოვებას აპირებს, აუცილებელია, ეს იყოს ერთობლივი გადაწყვეტილება.

 ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია. ის აუცილებლად ჩატარდება და აუცილებელია, თვითოეული საქართველოს მოქალაქე გამოვიდეს არჩევნებზე. მნიშვნელოვანია, თუ ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს იყოს ერთობლივი. ამის შესახებ კონსულტაციებს გავივლით. ეს მნიშვნელოვანია -  ამბობს თინა ბოკუჩავა.

მას შემდეგ, რაც პარტიაში კონსულტაციები დასრულდება, ,,ენმ" საგანგებო ბრიფინგს დანიშნავს და გადაწყვეტილებას გაახმოვანებს.

შეთანხმების გაუქმების პროვოცირებაში  ,,ქართულმა ოცნებამ" დღეს  ,,ნაციონალურმა მოძრაობა" პირდაპირ დაადანაშაულა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ევროკავშირის შუამავლობით ასი დღის წინ გაფორმებულ შეთანხმებას იმის გამო  აუქმებს, რომ დოკუმენტს ხელი ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ არ მოაწერა. ახლა მთავრი კითხვაა, რას უპასუხებს ,,ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას.