"ოცნებას" ექნება თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ - კობახიძე
"ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ", - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ "ოცნების" ახალი ოფისის გახსნაზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძე არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბს უხელმძღვანელებს.
ირაკლი კობახიძემ გამოსვლა კვლავ წინა ხელისუფლების კრიტიკით დაიწყო და "უცხოელი აგენტების ავტორიტარულ მმართველად" მოიხსენია წინა ხელისუფლება. კობახიძე კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ ქვეყანაში რევოლუცია იგეგმებოდა.
დღეს ვხსნით ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიას და ახალ ცენტრალურ ოფისს. პარტიის დაფუძნებიდან 12 წლის თავზე, ქართულ ოცნებას ექნება საკუთარი თანამედროვე ოფისი, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ჩვენ კიდევ სულ მცირე 12 წელიწადი არცერთი არჩევნების წაგებას არ ვაპირებთ,“ - თქვა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ქართულ ოცნებას ამომრჩევლის 60 პროცენტი უჭერს მხარს.
დღეს „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 60 პროცენტი უჭერს მხარს. ბევრისთვის შეიძლება გასაკვირი იყოს, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ, მმართველი პარტია საზოგადოების ასეთი დიდი მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, სინამდვილეში, გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ამდენი დანაშაულის ფონზე, ჯერ კიდევ ხმების თითქმის 30 პროცენტის მიღებას ახერხებს. ეს არის ტრაგიკული მოვლენა, რომელიც თავიდან ბოლომდე გარედან არის თავს მოხვეული და ზუსტად ისეთივე შეუსაბამობაშია მრავალსაუკუნოვან ქართულ კულტურასთან, როგორც საუკუნის წინ საქართველოში ბოლშევიზმის აღზევება იყო.
კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო თითოეულ ამომრჩეველს: 2020 ან 2021 წელს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, „ევროპული საქართველოსთვის“, „გირჩისთვის“, „ლელოსთვის“ ან გახარიასთვის მიცემულ ხმას რომ გაემარჯვა, დღეს საქართველო უკრაინაზე მძიმე მდგომარეობაში იქნებოდა. ამდენად, 26 ოქტომბერს თითოეულმა მოქალაქემ საკუთარი არჩევანი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობით უნდა გაიაზროს.
მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ ხალხს. სწორედ ქართველი ხალხის ურყევი მხარდაჭერის წყალობით შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ 12 წლის მანძილზე 8 არჩევნების მოგება. სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნის წყალობით შეძლო ჩვენმა ხელისუფლებამ უკანასკნელი 4 წლის მანძილზე გამკლავებოდა რევოლუციისა და ქვეყნის არევის, საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ყველა მცდელობას.
ქართველი ხალხის სიბრძნისა და გამოცდილების წყალობით, 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს საქართველოს მშვიდობიანი და ღირსეული ევროპული მომავალი. 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ, უკვე მეცხრედ გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რაც არის ერთადერთი უალტერნატივო გზა საქართველოს წინსვლისა და განვითარებისათვის," - ამბობს კობახიძე.