ჩვენი გაგებით, "დასრულება" არის, როდესაც დემოკრატიული, სამართლიანია წესებით გაიმარჯვებ - თალაკვაძე ივანიშვილი მუქარაზე
არჩილ თალაკვაძე ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა ენმ-ს დასრულებაში "ოცნების" სამართლიანი გზით გამარჯვება იგულისხმა. სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, საპატიო თავმჯდომარემ გუშინდელი სიტყვით გამოსვლით საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახა, რომ არჩევანის გაკეთება სიძულვილზე დაფუძნებელ ოპოზიციასა და "მშვიდობის მოყვარულ" "ოცნებას" შორის მოუწევთ.
ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რა არჩევანის წინაშეა ჩვენი საზოგადოება. ეს არის კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც დგას ქვეყნის დესტაბილიზაციის, რომელიც დგას არეულობის, რომელიც დგას ზიზღის და სიძულვილის საფუძვლებზე და „ქართული ოცნება“, რომელიც საზოგადოებასთან ერთად ამ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა მშვიდობას, ინარჩუნებდა ერთიანობას. ჩვენი გაგებით, დასრულება არის როდესაც დემოკრატიული წესებით, სამართლით და სამართლიანია კანონებით გაიმარჯვებ, დაამტკიცებ შენს სიმართლეს. სწორედ ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი გზავნილი, - ამბობს თალაკვაძე.
ბიძინა ივანიშვილმა ენმ-ს და ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ოლიგარქის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა "განადგურდეს". მან ასევე იმ ადამიანების სახელები და გვარები ჩამოთვალა, რომელთაც, მისი თქმით, "პასუხისგება" მოუწევთ.