"ოცნებამ" პატიმრები და დანაშაულებები საკუთარი გემოვნებით შეარჩია - იაგო ხვიჩია "საყოველთაო" ამნისტიაზე
"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონპროექტი კიდევ მეტ პატიმარზე უნდა გავრცელდეს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" დაანონსებული საყოველთაო ამნისტია, რეალურად "საყოველთაო" სულაც არ არის და ხელისუფლებამ პატიმრები, რომლებმაც ციხე უნდა დატოვონ, საკუთარი გემოვნებით შეარჩია.
ამასთან, პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ კანონპროექტის გაუმჯობესება შესაძლებელია და ამას აუცილებლად შეეცდება.
როდესაც მასობრივ ამნისტიას აანონსებ და აღმოჩნდება, რომ საყოველთაო მაინც არ არის და გემოვნებით არის შერჩეული დანაშაულები და პატიმრები. ეს ალბათ რაღაცას გამოიწვევს, მაგრამ მე მაინც ჯერ ხელი ჩაქნეული არ მაქვს. ამ კანონპროექტით, რაც შემოტანილია ახლა, იქნებ რამე ხეირიანი გამოვადნო. მე არ ვაკრიტიკებ ამ კანონპროექტს იმის გამო თუ რატომ ეხება რომელიღაც მუხლს. მე ვაკრიტიკებ მხოლოდ იმის გამო თუ რატომ არ ეხება და რატომ არ ეხება უფრო მეტად, ვიდრე ეხება. ეს იქნება ჩვენი სტრატეგიის დაცვის მიმართულება იმ პატიმრების, რომლის ინტერესებსაც ახლა ჩვენ რეალურად წარმოვადგენთ. რა გამოგვივა ვნახოთ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ არსებული რედაქცია გაუმჯობესდება, - ამბობს იაგო ხვიჩია.
წინასაარჩევნოდ დაანონსებული ამნისტია "ოცნებას" დიდ თავის ტკივილად ექცა. პატიმრები "შერჩევით ამნისტიას" ციხეებში შიმშილობით პასუხობენ. აქციები იწყება ციხის გარეთაც. ამნისტიის პროექტის განხილვას "ოცნება" ხვალ იურიდიულ კომიტეტზე იწყებს, პარლამენტს გარეთ კი პატიმრების ოჯახის წევრები პროტესტს აანონსებენ.