ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ ციხეებში პატიმრების პროტესტი ენმ-ს პროვოცირებულია
"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ციხეებში პატიმრების შიმშილობა არა მათი "შერჩევითი ამნისტიის" არამედ, "ნაციონალური მოძრაობის" პროვოცირებულია. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია "საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის უბადრუკ პოლიტიკას" ატარებს.
ციხეებში შიმშილთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ პროვოცირება შიმშილისა ციხეებში და გამოყენება პატიმრებისა და მათი ჭირისუფლებისა პოლიტიკური მიზნებისთვის არის ის უბადრუკი პოლიტიკა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ გაატაროს, - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.
წინასაარჩევნოდ დაანონსებული ამნისტია "ოცნებას" დიდ თავის ტკივილად ექცა. პატიმრები "შერჩევით ამნისტიას" ციხეებში შიმშილობით პასუხობენ. აქციები იწყება ციხის გარეთაც. ამნისტიის პროექტის განხილვას "ოცნება" ხვალ იურიდიულ კომიტეტზე იწყებს, პარლამენტს გარეთ კი პატიმრების ოჯახის წევრები პროტესტს აანონსებენ.