არასერიოზული და ტყუილებით გაჯერებული გზავნილები - ლომჯარია "ოცნების" განცხადებებზე
ყოფილი ომბუდსმენი ბიძინა ივანიშვილის გზავნილებს "ტყუილს" და "არასერიოზულს" უწოდებს. ნინო ლომჯარია, რომელიც გუშინ სხვებთან ერთად ოლიგარქის თავდასხმის სამიზნე გახდა, ამბობს, რომ "ქართული ოცნების" მმართველობა ქვეყანაში სამწუხარო რეალობაა.
საფრთხეები როგორ არის არარეალური, საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, მაგრამ იმის თქმა, რომ საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს ევროპული ინტეგრაცია და კარგია, რომ შევაჩერეთ ევროინტეგრაცია და კარგია, რომ ამერიკასთან ურთიერთობები გადავხედეთ და სტრატეგიული პარტნიორობა გავაჩერეთ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი უსაფრთხოების გარანტი, ეს არის ტყუილი. ძალიან არასერიოზულად გამოიყურებოდა, სულ მცირე, ეს ჩართვა და ზოგადად, ეს გუშინდელი ღონისძიება თავისი გზავნილებით, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, არ არის სასაცილო, უფრო სამწუხარო რეალობაა ჩვენთვის, - ამბობს ნინო ლომჯარია.
ბიძინა ივანიშვილმა ენმ-ს და ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ახალი ოფისის გახსნის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
ოლიგარქის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა "განადგურდეს". მან ასევე იმ ადამიანების სახელები და გვარები ჩამოთვალა, რომელთაც, მისი თქმით, "პასუხისგება" მოუწევთ.