"ოცნების" მთავარი სამიზნე პრეზიდენტი იქნება - ეკა ბესელია
"ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილს გუშინდელი ანტიდასავლური გზავნილების გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, ოლიგარქმა გუშინდელ გამოსვლაში პარტნიორებს ყველაზე არადიპლომატიური ენით მიმართა.
ამასთან, ბესელია ამბობს, რომ ივანიშვილი განსაკუთრებულ საფრთხეს სალომე ზურაბიშვილში ხედავს და მის გამოსვლაში პრეზიდენტის გვარმა პირველ რიგში ამიტომ გაიჟღერა.
ყველაზე უფრო არადიპლომატიური და ყველაზე უფრო გაუგებარი ენა არის, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მოქმედ ხელისუფლებას ეუბნება, რომ შენთან არ ვითანამშრომლებ, მე ველოდები შენი ოპონენტი როდის გაიმარჯვებს და ამის შემდეგ დალაგდება ჩენი ურთიერთობა. პრეზიდენტი იქნება ყველაზე მეტად სამიზნე. პირველად ამიტომაც გაიჟღერა ივანიშვილის გამოსვლაში პრეზიდენტის გვარმა ასეთ ძალიან ცუდ კონტექსტში, რომ მასში ხედავს რეალურ საფრთხეს. ეს შეთანხმებული გზავნილია, „გლობალური ომის პარტია“, „მასონები“, კოსმოსიდან ადამიანები, რომლებიც ყველას და ყველაფრის განადგურებას ფიქრობენ, - ამბობს ეკა ბესელია.
ბიძინა ივანიშვილმა ენმ-ს და ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ახალი ოფისის გახსნის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
ოლიგარქის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა "განადგურდეს". მან ასევე იმ ადამიანების სახელები და გვარები ჩამოთვალა, რომელთაც, მისი თქმით, "პასუხისგება" მოუწევთ.