ეს ამნისტია ატარებს პოლიტიკური პარტიისთვის სასარგებლო შინაარსს - ბესელია
პოლიტიკოსი და იურისტი ეკა ბესელია "ოცნების" დაანონსებულ ამნისტიას იწუნებს და მას "პოლიტიკური შინაარსის მატარებლად" აფასებს. ბესელია პირდაპირ ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში თავისუფალი სასამართლო არ არსებობს, საყოველთაო ამნისტია ძალიან საჭირო აქტი იყო, თუმცა ხელისუფლებამ ესეც საკუთარ ინტერესებს მოარგო.
ძალიან ბევრი პატიმარი დარჩა გულგატეხილი, მომლოდინე, იმედგაცრუებული. როცა საუბრობენ, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო საყოველთაო და უნდა ყოფილიყო, როცა სასამართლო არ გაქვს თავისუფალი, როდესაც ამ მოსამართლეების განაჩენი დგება ეჭვქვეშ სანდოობის კუთხით, ამ დროს ეს ჰუმანური აქტი არის გამართლებული და შეიძლებოდა შეხებოდა ძალიან ბევრ ისეთ ადამიანს, რომელიც უსამართლოდ იხდის ახლა სასჯელს. ეს ნაკლი აქვს ამ ამნისტიას. ეს ამნისტია ატარებს პოლიტიკური პარტიისთვის სასარგებლო შინაარსს. როცა ამნისტია გავაკეთეთ, ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით და შემდეგ გამოვაცადეთ, შინაარსიც სულს ხვა იყო, ეს იყო დაპირების შესრულება. ახლა, როცა არჩევნების წინ ამას აკეთებ და თან აკეთებ ვიწრო ჯგუფის მიმართ, ეს არის სუფთა პარტიული დღის წესრიგი, - ამბობს ეკა ბესელია.
წინასაარჩევნოდ დაანონსებული ამნისტია "ოცნებას" დიდ თავის ტკივილად ექცა. პატიმრები "შერჩევით ამნისტიას" ციხეებში შიმშილობით პასუხობენ. აქციები იწყება ციხის გარეთაც. ამნისტიის პროექტის განხილვას "ოცნება" ხვალ იურიდიულ კომიტეტზე იწყებს, პარლამენტს გარეთ კი პატიმრების ოჯახის წევრები პროტესტს აანონსებენ.