მამუკა ხაზარაძე: არჩევნები წყალგამყოფია, ან ვიქნებით ჭაობში,ოკუპანტის უღლის ქვეშ, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში
"ან ვიქნებით ჭაობში, ოკუპანტის უღელის ქვეშ, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში" - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ, რიყეზე ახალი პოლიტიკური ცენტრის პრეზენტაციაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ლელოს" ლიდერის თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები წყალგამყოფია.
"გადამწყვეტი ბრძოლაა, იმიტომ, რომ ასეთ კრიტიკული ზღვარი დამოუკიდებლობის მიღებიდან ჩვენს ქვეყანას არცერთ არჩევნებზე არ ჰქონია" - ამბობს ხაზარაძე.
"ყველა ჩვენგანს, ვინც აქ ხართ, ვინც გვისმენს, ვინც ჩვენთან ერთად ქუჩაში იდგა, ვინც იბრძოდა, ვინც იბრძვის, ყველას გვინდა ერთი რამ - ძლიერი საქართველო. ჩვენ გვინდა ფეხზე დამდგარი, წელში გამართული, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა. ჩვენ გვინდა ჩვენი შვილებისთვის მშვიდობა, სტაბილური განვითარება, ადგილი, სადაც საქართველოს მიეცემა თავისი ძვირფასი ტრადიციების, მომავლის ყველაზე კარგად წარმოჩენა, ეს ადგილი არის ევროპა. ჩვენ არ ვართ პატარა ერი, არც პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენ ვართ დიდი ტრადიციების, დიდი ისტორიის ქვეყანა. გადამწყვეტი ბრძოლაა, იმიტომ, რომ ასეთ კრიტიკული ზღვარი დამოუკიდებლობის მიღებიდან ჩვენს ქვეყანას არცერთ არჩევნებზე არ ჰქონია. ასეთი რადიკალური შემოტრიალება ჩვენი ქვეყნის არჩევანის სხვა მიმართულებით, რასაც რუსული ჭაობი ჰქვია, არ დამდგარა ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამიტომ, ყოველგვარი გადამეტების გარეშე, ეს არჩევნები, რომელიც მოდის 26 ოქტომბერს, არის წყალგამყოფი - ან ვიქნებით ჭაობში და ვიქნებით ოკუპანტის უღლის ქვეშ, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში ღირსეულად, იქ, სადაც ჩვენი ქართველობა, ჩვენი მოქალაქეობა, ჩვენი დროშა და გერბი იქნება ძალიან მაღლა აწეული. სწორედ ამისთვის არის ერთი რამ საჭირო და ეს ერთი რამ, ყველა სხვა რაღაცასთან ერთად, არის ერთობა, იმიტომ, რომ ბრძოლა არის დიდი და ძლიერ საქართველოს გაერთიანების გარეშე ჩვენ ვერ დავაყენებთ ფეხზე. ევროპული არჩევანი არის ეროვნული არჩევანი, ეს არის ყველაზე მთავარი ამბავი, ვინც სხვანაირად ამბობს, ის ან გზააბნეულია, ან ჩვენი მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, ამიტომ ეროვნული არჩევანია ის, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ. ერთობით გავიმარჯვებთ, აუცილებლად"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
ახალი ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე იმართება.
„ლელოს“ ლიდერები ამბობენ, რომ გაერთიანების კარი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისთვის და აქტიური ადამიანებისთვის ღიაა.
"ეს არის პირველი ნაბიჯი" - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ფოტო: ipn.ge