ვიმარჯვებთ ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის - ანა დოლიძე
"ჩვენ არავისზე არ ვიმარჯვებთ, ვიმარჯვებთ ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის"- ამის შესახებ პარტია ხალხისთვის ლიდერმა, ანა დოლიძემ ახალი ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც ევროპის მოედანზე ამ წუთებში მიმდინარეობს.
მისი თქმით, დღეს ადგილზე შეკრებილებმა გადადგეს ერთი ნაბიჯი ქართველი ხალხის დავალების შესასრულებლად.
დოლიძის თქმით, ეს ნაბიჯი არის ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ეს ამოცანა განხორციელდეს.
ზუსტად სამი თვის წინ, აქ, ამ მოედანზე, რიყეზე შეკრებილმა 300 000-მა ადამიანმა და მათმა ოჯახებმა პოლიტიკოსებს მოგვცეს ერთი დავალება - შეცვალეთ ხელისუფლება იმისთვის, რომ მოხდეს საქართველოს საბოლოოდ დეოკუპაცია და განხორციელდეს ქართველი ხალხის გეოპოლიტიკური არჩევანი.
(ახლა ვიყურებით, გარშემო ძალიან ბევრი ტაძარია) ეს დავალება 100 წლის წინ გასცა ბოლშევიკებისგან ნაწამებმა ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა, ამბროსი ხელაიამ, როცა მან მიმართა თავის წერილში საერთაშორისო საზოგადოებას და უთხრა, ორი რამ გვინდა: საქართველოს დეოკუპაცია და მოგვეცეს ქართველებს საშუალება, რომ ვიცხოვროთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა და დღეს ეს არჩევანი და მაშინაც იყო დასავლეთი და იყო ევროპა.
დღეს ჩვენ, ვინც აქ ვართ, გადავდგით ერთი ნაბიჯი ამ დავალების შესასრულებლად, ეს ნაბიჯია ძალების გაერთიანება იმისათვის, რომ ეს ამოცანა განხორციელდეს.
ყველამ, ვინც აქ ვართ, შეიძლება რაღაც დავთმეთ, პიროვნული გემოვნება გვერდზე გადავდეთ, მაგრამ ახლა არ არის დრო, ჩვენ ვეძებოთ ავთანდილი, ტარიელი, როსტევანი, ნესტან-დარეჯანი ან ვიღაც სრულყოფილი ადამიანები, დღეს ძალიან სერიოზული საქმე გვაქვს ყველას გასაკეთებელი. ჩვენ ვართ განსხვავებულები, შეიძლება რაღაც საკითხებში აზრთა სხვადასხვაობაა, ეს აზრთა სხვადასხვაობა გამოვლინდება, მაგრამ ეს სხვადასხვაობა არის ჩვენი ტრადიციების და ჩვენი კულტურის სიძლიერე“ - თქვა ანა დოლიძემ.
ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ.
ახალი ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე იმართება.