ლევან ცუცქირიძე: არ შეგვეშინდეს, არ დაგვეზაროს და არ დავიღალოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ

17.07.24 21:53
ლევან ცუცქირიძე: არ შეგვეშინდეს, არ დაგვეზაროს და არ დავიღალოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ

არ შეგვეშინდეს, არ დაგვეზაროს და არ დავიღალოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ - ამის შესახებ მოძრაობა "თავისუფლების მოედანის" ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ახალი პოლიტიკური გაერთიანების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხალხი ცვლილებებს მოითხოვს, ახალ გაერთიანებას კი აქვს ამბიცია, რომ იქნებიან ამ ცვლილებების მთავარი შემოქმედები.

ლევან ცუცქირიძის განცხადებით, მათ შორის არსებული ბევრი განსხვავებების მიუხედავად, კოალიციაში აქვთ საერთო ღირებულებები:

"დღეს დაიბადა ძალიან მნიშვნელოვანი ახალი პოლიტიკური ოჯახი, ქართული პოლიტიკური ლანდშაპტის შუაგულში, ის, რასაც ქართველი ამომრჩეველი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა და მოითხოვდა. ჩვენ უნდა დავასრულოთ, ცინიზმის, ზიზღის, შურის, შეურაცხყოფის ეპოქა ქართულ პოლიტიკაში უნდა დავასრულოთ ტყუილის და მლიქვნელობის ეპოქა"- განაცხადა მან. 

ლევან ცუცქირიძის განცხადებით, "ქართულ პოლიტიკაში "უნდა დასრულდეს ერთპარტიულობა და დამყარდეს მრავალპარტიულობა". 

საქართველოს სიძლიერე არის არა რუხ ფერებში გამოწყობილ ერთპარტიულ მონოტონობაში, არამედ მრავალპარტიულობაში, მრავალხმიანობაში, მრავალფეროვნებაში, ადამიანების ურთიერთპატივისცემაში, განსხვავებულთა ერთობაში, ერთად შემოქმედებაში და ეს არის სწორედ მრავალპარტიული დემოკრატია, ამისთვის ვიბრძვით ჩვენ და ეს კოალიცია, ეს ახალი ერთობა სწორედ ამის ნიშანია. ჩვენ შორის შეიძლება ბევრი განსხვავება იყოს, მაგრამ ფუნდამენტური ფასეულობები, ის ხედვა ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ვითარების, არის საერთო და ეს ფუნდამენტი არის ძალიან მყარი. 

საქართველოში იწყება ახალი ეპოქა, ქართველი ხალხი მოითხოვს ცვლილებებს და გვაქვს ამბიცია, რომ ვიქნებით ამ ცვლილებების მთავარი შემოქმედები. აქ შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ აკეთონ თავისი საქმე, არ ეშინიათ ბრძოლის და ეს არაერთხელ დაუმტკიცებიათ. ამაზე კარგ პოლიტიკურ გაერთიანებას დღეს თქვენ საქართველოში ვერ ნახავთ. იყავით ჩვენ გვერდით, ვიბრძოლოთ ერთად. არ შეგვეშინდეს, არ დაგვეზაროს, არ დავიღალოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ"- განაცხადა ცუცქირიოძემ.

ლელო საქართველოსთვის, ანა დოლიძის პარტია ხალხისთვის და პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლების მოედანი საარჩევნოდ გაერთიანდნენ.

ახალი ოპოზიციური გაერთიანების პრეზენტაცია ევროპის მოედანზე იმართება. 

„ლელოს“ ლიდერები ამბობენ, რომ გაერთიანების კარი სხვადასხვა პოლიტიკური ძალებისთვის და აქტიური ადამიანებისთვის ღიაა. 

 

მსგავსი სიახლეები