ვინ იქნება ახალ პოლიტიკურ ცენტში - არის თუ არა გახარია წითელი ხაზი?
არის თუ არა გიორგი გახარიას ფაქტორი წითელი ხაზი ანა დოლიძისთვის - პარტია "ხალხისთვის" ლიდერს კითხვა "პირველებმა" მას შემდეგ დაუსვა, რაც ახალი პოლიტიკური ცენტის პრეზენტაციის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ექსპრემიერი "ლელოს", ანა დოლიძის "ხალხისთვის" და მოძრაობა "თავისუფლების მოედანის" ალიანსს შეუერთდეს.
ანა დოლიძის თქმით, ახალი გაერთიანების კარი ყველა იმ ადამიანისთვის ღიიაა, ვინც მათ "ხელისუფლების დამარცხებაში დაეხმარება".
ჩვენ ყველანი ახლა ძალიან სერიოზულ მორევში უნდა ჩავერთოთ. ჩვენი ხელი, ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა ამ პროცესში მონაწილეობა და ამ ფასეულობას იზიარებს, ორპოლუსიანობის დასრულება და მის მიღმა დგომა, ჩვენ მათთვის ღია ვართ.
ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, ქართველი ხალხის დავალება შევასრულოთ და ხელისუფლება შევცვალოთ. ამ პროცესში თუ ვინმე მოგვეხმარება და მხარში დაგვიდგება, გადაწყვეტს რომ შემოგვიერთდეს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- თქვა ანა დოლიძემ.
"თავისუფლების მოედანი" გიორგი გახარიას პოზიციას ელოდება. ლევან ცუცქირიძე ხაზგასმით ამბობს, რომ მისთვის წითელი ხაზი ის ადამიანები და ჯგუფები არიან, რომლებიც იმ დებულებებს არ ეთანხმებიან, რაშიც საზოგადოებისა და ოპოზიციური სპექტრის თანხმობა არსებობს.
წითელი ხაზია ის ადამიანები და ჯგუფები, რომლებიც არიან პრორუსულ პოზიციებზე და მზად არიან, "ქართულ ოცნებას" მთავრობის ფორმირებაში დაეხმარონ, ისინი, ვინც სიძულვილის ენას იყენებს, იყენებს დამამცირებელ იარლიყებს, ნაცვლად ფაქტებისა"- თქვა მან.
რაც შეეხება ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის პოზიციას - გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძისგან შეთავაზება გუშინ მიიღო.
მისი თქმით, თუ ექს-პრემიერი ოთხ კითხვას გასცემს პასუხს, ხაზარაძის გუნდი, მზად არის ერთობის შესახებ გახარიასთან მოლაპარაკებები დაიწყოს. ოთხიდან სამი კითხვა წარსულის შეეხება, ერთი კი გახარიას სამომავლო გეგმებს და შესაძლო კოალიციის შეკვრას ქართულ ოცნებასთან.