კობახიძე ბლენ ჰაიმის სასახლეშია - რა წინადადებით ჩავიდა პრემიერი ევროპის პოლიტიკურ სამიტზე
ირაკლი კობახიძე ბლენ ჰაიმის სასახლეშია. ეს არის ქართველი პრემიერის პირველი შეხვედრა ევროკავშირის ლიდერებთან მას შემდეგ, რაც ბრიუსელმა საქართველოსთვის ფინანსური დახმარების ნაწილი გაყინა, ამერიკამ კი ოცნების ლიდერები დაასანქცირა.
კობახიძემ თავად დაანონსა, რომ აპირებს პირისპირ შეხვედრებსაც.
რაც შეეხება ევროპელ კოლეგებთან სასაუბრო საკითხებს, ევროპის პოლიტიკურ სამიტამდე საქართველოს პრემიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ევროპელ კოლეგებთან პოლიტიკურ თემაზე და მათ შორის გაფართოების საკითხზეც ექნება საუბარი.
დღეს მონაწილეობას ვიღებ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის მეოთხე სამიტში. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ერთ-ერთი მთავარი თემა არის დაკავშირებადობა, უფრო კონკრეტულად, ენერგეტიკული დაკავშირებადობა. რა თქმა უნდა, გავუზიარებთ ჩვენს ევროპელ კოლეგებს გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვხედავთ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება სწორედ დაკავშირებადობის კუთხით. ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან.
ჩვენ დღესაც გვაქვს არაერთი პროექტი, მათ შორის არაერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებას, მათ შორის შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განვითარებას, რაც, ბუნებრივია, ევროპისთვის იქნება ძალიან საინტერესო. კონკრეტულად შავი ზღვის რეგიონისთვის იქნება ძალიან საინტერესო. ევროპელ პარტნიორებთან კონკრეტულ პროექტებზეც გვექნება საუბარი. კოლეგებთან საუბრის საშუალება ჩვენ მათ შორის ორმხრივ ფორმატში გვექნება და ვისაუბრებთ ყველა თემაზე, მათ შორის ყველა პოლიტიკურ თემაზე და გაფართოებაც იქნება საუბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეოთხე სამიტი გაიხსნა. უკვე ერთი საათია, ევროპელი ლიდერები ვუდსტოკში ბლენ ჰაიმის სასახლეში იკრიბებიან. სამიტს 47 სახელმწიფოს მეთაური დაესწრება. მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
სამიტზე მთავარი განსახილველი თემებია უკრაინის დახმარება, ენერგეტიკა, კავშირგაბმულობა, უსაფრთხოება, დემოკრატია და მიგრაცია.
დიდ ბრიტანეთში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც.