ივანიშვილის მუქარის შემდეგ, წინა ხელისუფლების გასამართლებას მაჭარაშვილიც ითხოვს
ბიძინა ივანიშვილის მუქარის შემდეგ, წინა ხელისუფლების გასამართლებას "ხალხის ძალის" ლიდერი, გურამ მაჭარაშვილიც ითხოვს.
მაჭარაშვილი ამბობს, რომ "როგორც ფაშიზმი გასამართლდა, ისე უნდა გასამართლდეს "ნაცმოძრაობის" რეჟიმი".
მეტიც, "ოცნების" დანაყოფის წარმომადგენელი, გარდა "ნაცმოძრაობის" რეჟიმის გასამართლებისა, პერსონალურად "ენმ"-ს მაღალჩინოსნების შესაძლო გასამართლებაზეც საუბრობს.
ჩვენი, "ხალხის ძალის" წერილები და კომენტარები უკვე მეტყველებს ზუსტად, რომ ჩვენ ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ "ნაცმოძრაობის" როგორც რეჟიმის გასამართლებაზე. მერე ამ რეჟიმის გასამართლების საფუძველზე კიდევ ვინმე თუ მოუწევს გასამართლება ინდივიდუალურად, ეს კიდევ ცალკე საკითხებია. ახალი აქ არაფერი არ არის. თქვენ არ უნდა გაგიკვირდეთ ეს. მოლოდინი უნდა იყოს ამის რეალური ნამდვილად, იმიტომ, რომ როგორც თავის დროზე გასამართლდა ფაშიზმი და დაედო წერტილი საბოლოოდ იმას, რომ მერე გერმანიამ სწორ გზაზე გადაუხვია, აი ასე უნდა მოხდეს აქაც, რომ არ არყიოს ქვეყანა "ნაცმოძრაობამ", მისი რეჟიმი უნდა გასამართლდეს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილმა ენმ-ს და ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ოლიგარქის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უნდა "განადგურდეს".