აქვს თუ არა კომუნიკაცია გაბიტაშვილს ფარცხალაძესთან და რას ამბობს ექს-პროკურორის გავლენებზე?
საქართველოს ახლადარჩეული გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძესთან კონტაქტს უარყოფს. გიორგი გაბიტაშვილი ირწმუნება, რომ აგენტობაში მხილებულ კაცთან კავშირი საუბრის დონეზეც კი წლებია გაწყვეტილი აქვს.
ასევე, გაბიტაშვილი სპეკულაციას უწოდებს პროკურატურაში ოთარ ფარცხალაძის გავლენებზე საუბარს.
„ოთარ ფარცხალაძეს დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ გარკვეული პერიოდი ვიმუშავეთ ერთად, მათ შორის, მისი მთავარი პროკურორობის დროს მე ვიყავი მთავარი პროკურორის მოადგილე. აქვე გეტყვით, რომ მე არ პოზიციაზე არჩილ კბილაშვილის მთავარი პროკურორობის დროს დავინიშნე. ერთთვიანი მთავარი პროკურორობის შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძემ დატოვა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა, რაიმე გავლენებზე საუბარი ამ უწყებაში არის მხოლოდ სპეკულაცია. დიდი ხანია არ მქონია მასთან კომუნიკაცია, წლებია“, - განაცხადა გაბიტაშვილმა.
პარლამენტმა საქართველოს გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი 80 ხმით დაამტკიცა. ის თანამდებობაზე ექვსი წლის ვადით დაინიშნა.
კენჭისყრა პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე გაიმართა.
საპროკურორო საბჭოს წარდგენილ კანდიდატს მანამდე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.