ხელოვნების მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძური საფრთხის წინაშეა და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ კულტურის სამინისტროს, არამედ მთავრობას და პარლამენტს - მეტრეველი

19.07.24 17:08
ხელოვნების მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძური საფრთხის წინაშეა და სრული პასუხისმგებლობა ეკისრება არა მხოლოდ კულტურის სამინისტროს, არამედ მთავრობას და პარლამენტს - მეტრეველი

"სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გასაჯაროვების ვალდებულების უგულვებელყოფა მუზეუმში არსებული მძიმე ვითარების კვალის დაფარვაზე და ეროვნული საგანძურის - თანამედროვე ფერწერული ნამუშევრების - დაზიანების უტყუარობაზე მიანიშნებს," - ამის შესახებ "ლელოს" წევრი დეა მეტრეველი საუბრობს.

მეტრეველი ეხმაურება ხელოვნების მუზეუმში არსებულ მძიმე მდგომარეობას, რადგან არსებული ინფორმაციით, წყალმა უნიკალური ფერწერული ნამუშევრები დააზიანა.

ირკვევა, რომ ინფორმაცია დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა გამოითხოვა, თუმცა კულტურის სამინისტრომ არ მიაწოდა.

უკანასკნელი წლების განმავლობაში  კულტურის სამინისტროს გასამხედროებულმა და გაუმჭვირვალე მმართვამ, საზოგადოებისთვის და პროფესიული წრეებისთვის საჯარო ინფორმაციის დამალვის მახინჯმა პრაქტიკამ საკმაოდ დიდი და, ხშირ შემთხვევაში, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და სახელოვნებო სფეროს. საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრებზეც ვრცელდება, რომელთა წინაშე კულტურის სამინისტროს ანგარიშვალდებულებას კანონი უზრუნველყოფს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცულ თანამედროვე ფერწერის ფონდში ჩავიდა წყალი, რამაც ათეულობით ფერწერული ტილოს დაზიანება გამოიწვია.

12 ივნისს ლელო საქართველოსთვის დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა სადეპუტატო კითხვით მიმართა კულტურის და სპორტის მინისტრს თეა წულუკიანს, რომელშიც, მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სამინისტროსგან ითხოვდა სავარაუდოდ დაზიანებული ექსპონატების სრულ სიას, დაზიანებული ექსპონატების პირველადი დათვალიერების დასკვნებს და შესაბამის ფოტომასალას. ასევე, სამინიტროს ეთხოვა დეტალური ინფორმაციის გადმოცემა ახლად რეაბილიტურებულ მუზეუმში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შესახებ, მათ შორის,  განხორციელებული სამუშაოს ჩაბარების საფუძველზე ეროვნული მუზეუმის მიერ გაფორმებული დოკუმენტაცია და პასუხისმგებელი პირების ჩამონათვალი.

სამწუხაროდ, კულტურის  სამინისტრომ არ უპასუხა საქართველოს პარლამენტის წევრის წერილს, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლი.

სამინისტროს მხრიდან ინფორმაციის გასაჯაროვების ვალდებულების უგულვებელყოფა  მუზეუმში არსებული მძიმე ვითარების კვალის დაფარვაზე და ეროვნული საგანძურის -  თანამედროვე ფერწერული ნამუშევრების - დაზიანების უტყუარობაზე მიანიშნებს. ხელოვნების მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძური საფრთხის წინაშეა და სრული პასუხისმგებლობა მუზეუმში დაცულ ფონდზე ეკისრება არა მხოლოდ კულტურის სამინისტროს, არამედ მთავრობას და პარლამენტს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის და მის წინაშე არსებული გამოწვევების მიმართ თავისი გულგრილი დამოკიდებულებით ახალისებს ეროვნული საგანძურის განადგურებას," - ამბობს მეტრეველი.

მსგავსი სიახლეები