უნდა შევუზღუდოთ სტატუსი საქართველოს, თუ ის არ გადაწყვეტს, გაატაროს საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ - ლატვიის პრეზიდენტი
საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა - ახალი მძიმე გზავნილი "ქართულ ოცნებას". ლატვიის პრეზიდენტმა ივანიშვილის პარტიას მოკლედ და გასაგებად შემოუთვალა, რომ თუ გაგრძელდება ანტიდასავლური პოლიტიკა, აღარ გაგრძელდება ქვეყნის ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირში.
"ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, ედგარს რინკევიჩი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე რეპრესიული კანონი აქვს გასაუქმებელი, თუ ნამდვილად არიან დაინტერესებული ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლით. რინკევიჩს უჩნდება განცდა, რომ ოლიგარქის პარტიის წევრებმა პოლიტიკური ცხოვრება პარტნიორების გარეშე გადაწყვიტეს.
საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა", - აცხადებს რინკევიჩი.