ღარიბაშვილის დამალული განკარგულება - როგორ მიიღო დიმიტრი ხუნდაძემ მცხეთის მიწები 1 ლარად
მცხეთის მიწები ერთ ლარად დიმიტრი ხუნდაძეს - უძრავი ქონება იშვიათი მდებარეობით, "ხალხის ძალის" დეპუტატს დიმიტრი ხუნდაძეს, სახელმწიფომ სიმბოლურ მისცა.
- ხელშეკრულებაში, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, გარკვევით წერია, რომ 1050 კვადრატული მიწის ფართობი, ხუნდაძეს, პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზების შედეგად გადასცეს. დეპუტატს მცხეთაში ტერიტორია ერთ ლარად საქართველოს მთავრობის 2023 წლის 19 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე გადაეცა - მაშინ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. ეს დოკუმენტი მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდიდან გამქრალია, თუმცა იმ დღის მთავრობის სხდომის დღის წესრიგით ირკვევა, რომ ხუნდაძისთვის ლარად, მტკვრის პირას მიწის გადაცემის საკითხი, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გაიტანა.
ტერიტორია, რომელიც დიმიტრი ხუნდაძეს საკუთრებაში გადასცეს, მცხეთის იმ სამხედრო ნაწილის მიმდებარედ მდებარეობს, რომელმაც წესით თბილისი მტრისგან უნდა დაიცვას. წლების განმავლობაში, სამხედრო ბაზის მიმდებარე ნაკვეთები სახელმწიფოს საკუთრება იყო. ახლა კი პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის მთელ პერიმეტრზე, ვილებს აუშენებენ. მიწის დაყოფა და ხელახალი რეგისტრაცია საეჭვოდ, სწორედ ხუნდაძისთვის ნახევარკუნძულის გადაცემამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო. მანამდე სახელმწიფო ქონება რეესტრში, ერთ მთლიან ერთეულად იყო რეგისტრირებული.
დიმიტრი ხუნდაძე ამტკიცებს, რომ პროცესი მისი გავლენებით არ დაძრულა და მან, აღნიშნული მიწა, სხვა მიწის სანაცვლოდ მიიღო. დიმიტრი ხუნდაძე წინა ხელისუფლების დროს ნაყიდ მიწას მცხეთაში, რესტორან მარანი ჰოლთან, ნამდვილად ფლობდა. მოგვიანებით ამ ტერიტორიაზე იუნესკოს მოთხოვნით მშენებლობა შეიზღუდა.
რამდენი მეზობელი ჰყავს ბიძინა ივანიშვილის იდეების გამხმოვანებელი პარტიის დეპუტატს?
"შაბათის ეთერი" დაინტერესდა ყველა იმ ადამიანით, ვინც მასთან ერთად მიწის გაცვლა შეძლო. ხუნდაძის გარდა, მტკვრის ხეობაში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, მთავრობამ სულ 4 ნაკვეთი გაასხვისა, დანარჩენი ისევ სახელწიფო საკუთებაა.
ვის მისცეს მიწები უნიკალური ტერიტორიაზე?
დავით ჩალათაშვილი - ეს უკანასკნელი ხუნდაძის იმ სიძის დის ქმარია, რომელიც ამერიკაში გაიქცა და თავშესაფარი ითხოვა.
- საჯარო რეესტრში დაცული საარქივო მასალებით დგინდება, რომ მიწა, რომლის მონაცვლეობაც მოხდა, პრობლემური იყო 2016, 2017 და 2019 წლებში ხუნდაძესთან დანათესავებამდე, ჩალათაშვილს მიწის დარეგისტრირებაზე, საჯარო რეესტრმა უარი სამჯერ უთხრა. იგივე მიწის დაკანონება მხოლოდ 2020 წელს მოხერხდა.
კიდევ ერთი სახელი და გვარი, ვინც მიწის მონაცვლეობა სამხედრო ქალაქში მოახერხა, ლალი მანჯავიძეა.
- მანჯავიძე რიგითი მცხეთელი არ აღმოჩნდა. ის დიმიტრი ხუნდაძის კარის მეზობელია. ქალბატონი ლალი პირდაპირ ხუნდაძის ეზოში ცხოვრობს. წყაროს ინფორმაციით, მიწის მომნაცვლებელი მანჯავიძე, ხუნდაძის ცოლის უახლოესი მეგობარიცაა.
ნათესავი დავით ჩალათაშვილისა და კარის მეზობელი ლალი მანჯავიძის გარდა, დიმიტრი ხუნდაძეს, მტკვრის სანაპიროზე ამ დროისთვის მხოლოდ 2 მოსაზღვრე მეზობელი ჰყავს. ბოლო წლების საჯარო რეესტრის ამონაწერები აჩვენებს, რომ ორივეს - თამარ აბაშიძესაც და ალექსი სანებლიძესაც მიწები ერთმა პირმა, ასევე ხუნდაძესთან დაახლოებულმა დევი ქერდიკაშვილმა მიჰყიდა. ანუ მიწის მონაცვლეობა სახელმწიფომ სწორედ მასთან გააფორმა.
- ვინ არის დევი ქერდიკაშვილი?! - დევი ქერდიკაშვილი მცხეთის მერიის აიპიში დირექტორის მოადგილეა. რაიონში ცნობილია მისი მეგობრობა მცხეთის ყოფილ მერთან და მოქმედ ვიცეგუბერნატორთან გიორგი კაპანაძესთანაც. ქერდიკაშვილი არც დიმიტრი ხუნდაძესთან ახლო ურთიერთობას უარყოფს
- ქერდიკაშვილის სიძე ანუ ქალიშვილის ქმარი, სუს-ის მაღალჩინოსანი თემო არეშიძეა. არეშიძის სახელი და გვარი მთელმა საქართველომ სუსიდან ფაილების გამოჟონვის შემდეგ გაიგო. ჩანაწერების თანახმად, სწორედ ის იყო ერთ ერთი, ვინც მღვდლებს, მონაზვნებს ეპისკოპოსებსა და საპატრიარქოს მაღალჩინოსნებს უთვალთვალებდა.