"მინდა გავაფრთხილო ამხანაგი ივანიშვილი, ვერ შეგვაშინებთ" - ე.წ. გადატრიალების საქმეზე სუსში ვეტერანები დაიბარეს
სუსმა არჩევნების წინ ტერორი დაიწყო - უკრაინაში მებრძოლების შემდეგ გამოკითხვაზე ვეტერანები დაიბარეს. კონსტანტინე ჯღამაიასთან და ბესო ბენდელიანთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვები ტერორიზმის და სახელმწიფო გადატრიალების საქმეებზე აქვთ.
ბესო ბენდელიანი ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე ივანიშვილის მიერ არის ინსპირირებული, რათა ვეტერანები დააშინოს, თუმცა ეს არ გამოუვათ. ამასთან, ის აცხადებს, რომ სუსში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
კომუნიკაცია გუშინ შედგა სუსის მხრიდან. მე დამიკავშრდა ამოუცნობი გამომძიებელი. მე მას ვკითხე სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, რაზეც მისგან მივიღე დუმილი. ამიტომ, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ მე ხვალ ან უახლოეს დღეებში არ ვაპირებ სუსში მისვლას მანამ, სანამ არ იქნება გარკვეული კონკრეტულად რა სახით ვარ დაბარებული საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება თემას ჩემს გარშემო, საკმაოდ ბევრი მეგობარია დაბარებული, თანამებრძოლი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ვისაც აქვს მონაწილეობა მიღებული როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე უკრაინაში. მინდა გავაფრთხილო ხელისუფლება, მათ შორის, ამხანაგი ივანიშვილი, რომ ჩვენ, საქართველოს მეომრები, ვეტერანები, გამორიცხულია, შეგვაშინონ, გამორიცხულია, აგვაღებინონ ხელი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაზე. ეს ბრძოლა არის ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ბრძოლა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გავა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან. გამორიცხულია, ვეტერანები იღებდნენ ისეთ ქმედებებში მონაწილოებას, რაც იქნება ანტიკონსტიტუციური. ამიტომ, მოსახლეობის, ხელისუფლების გასაგონად კიდევ ერთხელ მინდა, დამამშვიდებელი განცხადება გავაკეთო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, რომ შეთქმულება, გადატრიალება, ეს არის ამხანაგი ივანიშვილის მიერ ინსპირირებული შეგნებულად, რომ მოხდეს მოქალაქეების დაშინება, განეიტრალება, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ ვერ მიაღწევენ, იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქე, საქართველოს მაცხოვრებლები გააკეთებენ გონივრულ არჩევანს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ერთპიროვნული, ერთპარტიული მმართელობა შეიცვლება რაც იქნება საწინდარი იმის, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, მათ შორის, სუსი, დაკავებული იყოს მისი კონსტიტუციური ვალდებულებით და არა მოქალაქეების დაშინებით, ტერორით და ა.შ., - ამბობს ბესო ბედენლიანი.