"არ არის გამორიცხული, რომ დაიწყოს საპროტესტო ტალღა" - ემიგრანტების პასუხი პრემიერს

22.07.24 13:25
"არ არის გამორიცხული, რომ დაიწყოს საპროტესტო ტალღა" - ემიგრანტების პასუხი პრემიერს

ემიგრანტების პასუხი პრემიერს - მას შემდეგ, რაც დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ დამატებითი საარჩევნო უბნები არ გაიხსნება და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება არჩევნები საზღვარგარეთ, ემიგრანტები დარწმუნდნენ, რომ ხელისუფლების ინტერესში არ შედის ემიგრაციაში წასული ამომრჩევლის მობილიზება და მათი მონაწილეობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში.

ემიგრანტები "პირველებთან" ყვებიან, რა რთული იქნება დამატებითი საარჩევნო უბნების არ გახსნის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობა. დღეს მოქმედი წესით, ემიგრანტებს საკონსულოებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში უწევთ ხმის მიცემა - უბნების სიმწირის გამო ემიგრანტებს მოუწევთ სხვა ქალაქში გამგზავრება, რაც ასევე დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

პრემიერის განცხადების შემდეგ, ემიგრანტები არ გამორიცხავენ, რომ საზღვარგარეთ დაიწყოს საპროტესტო აქციები დამატებითი უბნების გახსნის მოთხოვნით. ემიგრანტები თვლიან, რომ ხელისუფლებას არ სურს, მათი აქტიურობა არჩევნებში, თანაც ამბობენ, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების უმრავლესობა ოპოზიციურად არის განწყობილი და ახალი უბნების არ გახსნით ეს ხმები დაიკარგება.

არ აწყობთ რომ გაიხსნას დამატებითი საარჩევნო უბნები, რომ ემიგრანტებმა მივცეთ ხმა და მივიღოთ ამ პროცესებში მონაწილეობა. ისეთი ქვეყნები, როგორიც არის აშშ, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი, რა თქმა უნდა, ადამიანებს გაუჭირდებათ, რომ ჩავიდნენ იქ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ეს ძალიან ბევრ ფაქტორს შეეხება, ეს პროცენტი ამომრჩევლისა უბნის გაუხსნელობისდა გამო, დაიკარგება,“ - ამბობს Promote Georgia-ს წარმომადგენელი მაია ადუაშვილი.

ემიგრანტების თქმით, მათ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების შესახებ კომუნიკაცია აქვთ პარტნიორებთან, ვისაც ზუსტ და დოკუმენტირებულ ინფორმაციას აწვდიან.

გვაქვს მოლაპარაკებები და მათ შორის, გვაქვს შეხვედრები ევროსტრუქტურებში, ევროპარლამენტში, ევროკომისიაში და ძალიან თანმიმდევრულად მივუყვებით უბნებთან დაკავშირებულ თემას. თუ უბნები არ გაიხსნა, რეალურად, ამ საქმეს შეიძლება გადაყვეს „ოცნება“, რატომ? - ეს ძალიან მარტივია, პირველად შეიქმნა პრეცენდენტი, როდესაც ჩვენ დავამტკიცებთ და ოფიციალურ კანონიერი გზით მოპოვებულ მამტკიცებელ საბუთებს დავდებთ საერთაშორისო დამკვირვებლების წინაშე, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმურია,“ - ამბობს ემიგრანტი პლატფორმა ,,თაობები ქვეყნისთვის" წევრი რევაზ ბეროშვილი.

ეს არის ჩვენი ხელისუფლების ნება, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და ნაკლები ხმები დააგროვონ ოპოზიციურმა პარტიებმა. რადგან კიდევ ერთხელ შეეცადონ ხელისუფლებაში მოსვლას. ძალიან ბევრი ემზადებოდა და ეგონათ, რომ სხვა ქალაქებში, არა მარტო საელჩოებში, არამედ სხვა ადგილებში საარჩევნო უბნების გახსნა და არ არის გამორიცხული, რომ დაიწყოს საპროტესტო ტალღა საზღვარგარეთ უბნების გახსნასთან დაკავშირებით,“ - ამბობს ალექსანდრე პეტრიაშვილი.

მსგავსი სიახლეები