ივანიშვილი პრესის თავისუფლების მტრად წელსაც დასახელდა

02.11.26 13:30
ივანიშვილი პრესის თავისუფლების მტრად წელსაც დასახელდა

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი წელსაც მოხვდა პრესის თავისუფლების მტრების სიაში - საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ (RSF) 2026 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც მედიის თავისუფლების შემზღუდველ 33 პირსა და ორგანიზაციას ასახელებს.

ივანიშვილი „ეკონომიკური ზეწოლის“ კატეგორიაშია. RSF-ის შეფასებით, ამ კატეგორიაში მოხვედრილი პირები ფინანსური ბერკეტებით დამოუკიდებელი მედიის დასუსტებას, მისი დაფინანსების შეზღუდვასა და სარედაქციო დამოუკიდებლობის შელახვას ცდილობენ.

წლევანდელ სიაში პირველად მოხვდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ჩამონათვალში ასევე არიან ვლადიმირ პუტინი, სი ძინპინი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და სხვა პოლიტიკური ლიდერები.

ორგანიზაციის განცხადებით, მიუხედავად განსხვავებული მეთოდებისა, სიაში მოხვედრილ პირებს საერთო მიზანი აქვთ - ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლა და საზოგადოების დამოუკიდებელი ინფორმაციის გარეშე დატოვება.

ორგანიზაციამ ანგარიში 2 ნოემბერს, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები