ეს იყო ღია განაცხადი პრორუსულობაზე - ხოშტარია "ოცნების" გადაწყვეტილებაზე
"დროას" დამფუძნებელი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, საზოგადოებას მოუწოდებს, არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე გააკეთონ. ხოშტარიას შეფასებით, "ოცნების" გუშინდელი გადაწყვეტილება განაცხადია საგარეო კურსის ცვლილებაზე, რომელიც რუსული ვექტორისკენ გადაიხარა.
ერთადერთი სიახლე, რაც ჩვენ გუშინდელ განცხადებაში ვნახეთ, ეს იყო პირველი, რომ მათ აღარ აწყობთ მათივე მოგონილი 43%-იანი ბარიერი, რაც იმას ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა, მათ არ აქვთ იმედი, რომ ისინი შეძლებენ არათუ უმრავლესობის, არამედ, 43%-ის მოპოვებასაც კი. ჩვენთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი, მათი მოგონილია ეს ციფრი, ჩვენ ვემზადებით დამაჯერებელი გამარჯვებისთვის და რაც არ უნდა მოიგონონ, შეთხზან, ხელი მოაწერონ, მერე უკან წაიღონ, ჩვენი ბრძოლა არის პრინციპული და იქნება ბოლომდე.
მეორე, რაც გუშინ ჩვენ „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა და 5 ივლისის შემდეგ, ამას მიზანმიმართულად, მუდმივად გვახვევენ თავზე, ეს იყო ღია განაცხადი პრორუსულობაზე და ღია განაცხადი საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური განწყობების, მათ თქვეს, რომ დასავლეთთან, ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება არაფერს წარმოადგენს. ეს არის გამოწვევა, გამოწვევა საქართველოს ყველა მოქალაქის, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს არჩევნები და ზოგადად არჩევნების დღე არის არა პოლიტიკოსების, არამედ საქართველოს მოქალაქეების არჩევანის და მომავლის განსაზღვრის დღე. შესაბამისად, ჩვენ ყველამ, პოლიტიკოსებმა და თქვენ, მოქალაქეებმა ამ გამოწვევაზე ერთად უნდა ვუპასუხოთ - არ იქნება საქართველო პრორუსული, არ არის საქართველო ის ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს შეთანხმებებს, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ხალხს ურტყამენ, ცემენ, კლავენ ქუჩაში, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ჟურნალისტებს თავს ესხმიან, არ არის საქართველო, სადაც გვეშინია ჩვენი შვილების გარეთ გაშვების, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ზოგადად, ვცხოვრობთ, შიშში, სიძულვილში და ნგრევაში. მე და ნიკა, და ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია ამ კოალიციაში, აბსოლუტურად პრინციპულად განწყობილი ვართ ამ ბრძოლისთვის, არც კი განვიხილავთ და საერთოდ არ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ყოფნას, არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ, უნდა გვესმოდეს მათი გაყალბების სურვილებიც და ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმაც და ჩვენი არჩევანიც, რომელიც არის დასავლური, მშვიდობაზე, განვითარებაზე და კეთილდღეობაზე მომართული", - ამბობს ხოშტარია.