"ზურაბიშვილი პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდა" - თინა ბოკუჩავა

22.07.24 22:42
"ზურაბიშვილი პოლიტიკური დევნის ობიექტი გახდა" - თინა ბოკუჩავა

ერთგვარი პოლიტიკური დევნის ობიექტი ხდება მოქმედი პრეზიდენტი - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ეკა მიშველაძის ''საჯარო პოლიტიკის'' ეთერში განაცხადა, რითიც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც პრეზიდენტის განკარგულების აღსრულება შეაჩერა.

ბოკუჩავას თქმით, მმართველ გუნდს აქვს მცდელობა, დააკნინოს პრეზიდენტის ინსტიტუცია.

„სრული უზურპაცია და ავტოკრატიის კონსოლიდაცია არის ის რასაც ჩვენ ვხედავთ.  ერთგვარი პოლიტიკური დევნის ობიექტი ხდება მოქმედი  პრეზიდენტი, იმიტომ რომ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენება იმპიჩმენტის პროცესისთვის,  იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრების დასახელების უფლებამოსილების შეზღუდვა, თუ ვიზიტებში მისი არ გაშვება, ბუნებრივია, ეს ყველაფერი არის მცდელობა მისი ერთგვარი პოლიტიკური დევნის და ინსტიტუციის დაკნინების" - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა. 

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კოკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს. 

 

მსგავსი სიახლეები