მოახლოებული არჩევნები - საქართველოს საკითხს დღეს სენატში განიხილავენ
საქართველოს საკითხი სენატში - რამდენიმე საათში სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში განხილვის მთავარი თემა საქართველო, მოახლოებული არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო იქნება.
სენატორები საგანგებო სხდომაზე სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების მოხსენებას მოუსმენენ.
საქართველოში ოპოზიცია შტატების მიერ საქართველოს მიმართ ინტერესზე საუბრობს და ამბობს, რომ წინა საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდშიც კი საერტაშორისო პარტნიორი საქართველოს არ ივიწყებს.
,,შეერთებულ შტატებში ეხლა წინა საპრეზიდენტო არჩევნების წინა აქტიური პერიოდია, მიუხედავად ამისა, რამდენადაც შეერთებული შტატები არის ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ერთგული მეგობარი არის ძალიან დიდი ყურადღება, საარჩევნო პროცესის მიმართ, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. საქართველოში ჩასატარებელი არჩევნების მიმართ და ეს, რასაც ჩვენ ვაკვირდებით შეერთებულ შტატებში არის მძლავრი სიგნალი, ჩვენი ხალხისადმი, ჩვენი საზოგადოებისადმი, რომ შეერთებული შტატები მაქსიმალურად იმოქმედებს, იმისათვის, რომ ქართულმა ოცნებამ ვერ მოახერხოს არჩვენების მიტაცება“.- ამბობს "ლელოს" წევრი ბადრი ჯაფარიძე.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, კი "მეგოაბრი აქტი" საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას აჩვენებს.
,,ძალიან დიდია ყურადღება ამერიკის მხრიდან, საქართველოსთან მიმართებაში და ამის მთავარი განმაპირობებლი არის ქართველი ხალხის გულწრფელი ნება, რომ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს წევრი, ვიყოთ ევროკავშირის წევრი და სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების. მეორე მხრივ, ნათელი სურათი ,,ქართულ ოცნებას“ უნდა, რომ გააყალბოს ქართველი ხალხის ნება და ევროკავშირის ნაცვლად რუსეთისკენ წაგვიყვანოს, ეს არის რეალობა, ამიტომ აქტი, რომელიც განიხილება, მას ჰქვია მეგობარი აქტი, დიახ მეგობრული დამოკიდებულება გვჭირდება ჩვენ ამერიკასთან. აქვს მას ორი მხარე, აქვს მძიმე მხარე ქართული ოცნებისთვის და ძალიან კარგი მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის“- აცხადებს ვაშაძე.
მოახლოებულ არჩევნებთან ერთად მსჯელობა შეეხება პროცესში რუსეთის ინტერესებს და ჩარევის მცდლოებასაც. რუსეთის ინტერესებზე საქართველოში, განცხადება სხდომის დაწყებამდე გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტშიც, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ რუსეთს ასეთი მცდელობა ყველა ქვეყანაში აქვს და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, საქართველო არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ 11 ივლისს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა „MEGOBARI აქტი" მიიღო. შესაბამისი კენჭისყრა აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის - საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.
ჰელსინკის კომისიის თანახმად, ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენებმა სტივ კოენმა (ტენესი), რიჩარდ ჰადსონმა (ჩრდილოეთ კაროლინა), მარკ ვეისმა (ტეხასი) წარუდგინეს.
MEGOBARI Act-ის ძირითადი დებულებებია:
- დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა: აქტი საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის მიზნით აშშ-ის პოლიტიკას აცხადებს. იგი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს აღიარებს და რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
- დემოკრატიული უკან დახევის განხილვა: საქართველოში დემოკრატიის ბოლოდროინდელი უკანდახევის საპასუხოდ, აქტი საქართველოს მთავრობასა და რუსეთთან და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მის კავშირებზე უფრო მეტ ზედამხედველობას მოითხოვს.
- ანგარიშგება და სანქციები: კანონი ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად რამდენიმე მოხსენებას მოითხოვს.
- არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას მხარს უჭერს.
- რუსეთის სადაზვერვო აქტივები: საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
- სანქციები ქართველ ფიზიკურ პირებზე: იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან და მათთვის სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვების დაწესება.
- დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა: საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, განსაკუთრებით არჩევნების დროს, რათა სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები უზრუნველყოფილი იყოს.
- ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება: საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, კანონი აშშ-ის შემდგომ დახმარებას განსაზღვრავს, მათ შორის: საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები;
- ადამიანთა შორის გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
- ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება;
- რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
- ჰელსინკის კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის თანასპონსორები კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი (ალაბამა), ემანუელ კლივერი (მისური), ჯიმ კოსტა (კალიფორნია) და შეილა ჯექსონ ლი (ტეხასი) არიან.