"სამართლებრივი ნონსესი" - მაია კოპალეიშვილი პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებაზე
სამართლებრივი ნონსესი - ასე აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება გაუქმდა.
კონსტიტუციონალისტი პირდაპირ ამბობს, რომ საქალაქო სასამართლომ კონსტიტუცია დაარღვია. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს ცდილობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყოს არაეფექტური და სრულიად დახურული უწყება.
საქალაქო სასამართლომ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ის საერთოდ გავიდა კონსტიტუციის ფარგლებიდან. მას ასეთ კომპეტენციას მოქმედი კანონმდებლპბა არ ანიჭებს. შესაბამისად, შეიჭრა საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაში და წარმოქმნა სამართლებრივი ნონსესი. კლანი, გაბატონებული ჯგუფი, რომელიც არის სასამართლო ხელისუფლებაში და პოლიტიკური ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს საიმისოდ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყოს არაეფექტური, სრულიად დახურული უწყება. აუცილებელია მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება, რაც შეიძლება სწრაფად და მალე უნდა დაიწყოს, რომ სასამართლო ხელისუფლება გაჯანსაღდეს, - ამბობს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა.
პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.
ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს.