ვინ არის სარჩელის ავტორი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა

22.07.24 17:52
ვინ არის სარჩელის ავტორი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ.

საქალაქო სასამართლოს განცხადებაში მოსარჩელის ინიციალები წერია - მ.კ, რომელმაც მოითხოვა "საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კ.წ. დანიშვნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემა, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტისათვის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად მოსარჩელის დანიშვნის დავალება."

მოსარჩელის შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ ის ითხოვს როგორც პრეზიდენტის განკარგულების მოქმედების შეჩერებას, ასევე პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარების და საბჭოს სხვა ახალი წევრის დანიშვნის აკრძალვას (მოსარჩელის გარდა).

მოსარჩელემ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით იშუამდგომლა სამართალწარმოების დასრულებამდე საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულების მოქმედების შეჩერება და დროებითი განჩინებით საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი კონკურსის ჩატარების და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნის აკრძალვა (მოსარჩელის გარდა)," - წერია განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად პრეზიდენტის კვოტით კახა წიქარიშვილი იქნება. სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი განკარგულება უკვე გამოსცა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა. კახა წიქარიშვილს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობა ხვალ უნდა დაეწყო.