"პოლიტიკური გადაწყვეტილება" - ლალიაშვილი პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებაზე

23.07.24 13:47
"პოლიტიკური გადაწყვეტილება" - ლალიაშვილი პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებაზე

საქალაქო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, თამარ ლალიაშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს. ლალიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ მოსამართლემ, რომელმაც აღნიშნული ვერდიქტი გამოიტანა, პოლიტიკური მითითება შეასრულა. 

ამ გადაწყვეტილებით დაირღვა კონსტიტუცია. იმის ნაცვლად, რომ მოსამართლეს დაეცვა კონსტიტუცია და კანონი, რაზეც ფიციც აქვს დადებული, მან უხეშად დაარღვია. ეს არ არის თვითონ ამ მოსამართლის დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მან მიიღო მითითებები და ეს მითითებები პირნათლად შეასრულა. ეს არის გათვლა არჩევნებამდე, ეს არის მესიჯი, რომ თითქოს ისინი გაიმარჯვებენ არჩევნებში, მერე მომდევნო ორ თეშ პრეზიდენტის არჩევნები და მაინც თავის კანდიდატურას გაიყვანენ, - ამბობს ლალიაშვილი. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ  გუშინ  შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა. 

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს

 

მსგავსი სიახლეები