ექსკლუზიური დეტალები მოსამართლეზე, რომელმაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეაჩერა

23.07.24 15:09
ექსკლუზიური დეტალები მოსამართლეზე, რომელმაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეაჩერა

დადგენილია მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილის კავშირები სასამართლოს გავლენიან ჯგუფთან. მოსამართლე, რომელმაც პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეაჩერა, ყოფილი მოსამართლეების თქმით, სამართლის მმართველი ე.წ. კლანის ნდობით აღჭურვილი ქალია.

ირკვევა, რომ ლიელა ფოლადაშვილი მოსამართლედ გამწესებამდე სანქცირებული  მოსამართლის ირაკლი შენგელიას თანაშემწე იყო, წლების განმავლობაში მუშაობდა სხდომის მდივნის პოზიციაზე  მოსამართლე გიორგი მიქაუტაძესთან. 

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ფოლადიშვილი სასამართლო სისტემაში სწორედ იმ პირობით არის მოხვედრილი, რომ მან გავლენიანი ჯგუფის მითითებით უნდა შეასრულოს. 

ეს მეტყველებს იმაზე, რომ უპირობო მორჩილებაშია თვითონ ამ კლანთან, იგივე მურუსიძე-ჩინჩალაძესთან, იგივე მიქაუტაძესთან, შენგელიასთან. სხვანაირად ის ვერ მოხვდებოდა, ის ერთი პირობით არის მოხვედრილი სასამართლო სისტემაში და დანიშნული სასამართლო სისტემაში, რომ მან უნდა შეასრულოს ის მითითებები. თვითონ გადაწყვეტილებაც, რა გადაწყვეტილებაც მან მიიღო, ალბათ იყო წინასწარ დაგეგმილი, ეს მისი გადაწყვეტილება არ არის, დამოუკიდებლად ის ვერასდროს მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, - ამბობს თამარ ლალიაშვილი.  

ცნობისთვის, საეჭვოა კიდევ ერთი გარემოება: მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება სარჩელის სასამართლოში შესვლიდან ზუსტად 2 საათში შეაჩერა, ეს კი მაშინ, როდესაც ბაჟი მოსარჩელემ  უქმე დღეს, გვიან ღამით გადაიხადა და საქმის განსახილველად რამდენიმედღიანი ვადაც ჰქონდა. 

კახა წიქარიშვილი, რომელსაც იუსტიციის საბჭოში მუშაობის უფლებამოსილება შეუჩერეს, "პირველებთან" ამბობს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს. 

შესაძლოა, რამდენიმე ვარიანტი არსებობდეს, შეიძლება ყოფილიყო წინასწარი შეთანხმება ამ კონკურსანტსა და კლანს შორის ან შესაძლებელია, უბრალოდ შეიტანა სარჩელი და მათი ინტერესები მყისიერად დაემთხვა ერთმანეთს. ნებისმიერ შემთხვევაში, აქ მოსამართლის გადაწყვეტილება ძალიან ბევრ კითხვის ნიშნებს ბადებს, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია თვითონ პროცესთან დაკავშირებით და თვითონ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, - ამბობს კახა წიქარიშვილი. 

პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ,  კოკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს

მსგავსი სიახლეები