ემუქრება თუ არა პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას საფრთხე? - რა წერია კონსტიტუციაში და როგორია იურისტების შეფასება
"თუ გადაწყვეტს სასამართლო, რომ დაივიწყოს კანონი და გავიდეს კონსტიტუციის ჩარჩოდან, ამ კონსტიტუციის ჩარჩოდან გასვლას საზღვრები არ ექნება, ერთხელ თუ გავიდა, სხვა დროსაც გადაწყვეტს, რომ გავიდეს," - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი საუბრობს და საქალაქო სასამართლოს მიერ პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებას აკრიტიკებს.
როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, პრეზიდენტის დისკრეციული უფლების შეზღუდვის უფლება არცერთ სახელმწიფო ორგანოს არ აქვს.
დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ამ პრეცენდენტის შემდეგ სხვა შემთხვევებიც ვნახოთ, სადაც პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებას შეზღუდავენ.
ამიტომ ვსაუბრობთ ყოველთვის ჩვენ ფუნდამენტურ გადატვირთვაზე. მე არ მაქვს არანაირი მოლოდინი, რომ როცა მოსამართლე ასე იქცევა, კლანის და ხელისუფლების დაკვეთით ასე გადის სამართლის ჩარჩოებიდან, ერთხელ თუ გავიდა, გავა ყოველ ჯერზე, რა ჯერზეც დაავლებენ, რა ჯერზეც ხელისუფლება და კლანი გადაწყვეტს, რომ ასე მოიქცეს. ეს პრეზიდენტის უფლებამოსილება იქნება, თუ სხვა საკითხები, ერთნაირად შეუძლია მოსამართლეს, გვერდზე გადადოს,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
რა წერია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში, რომლის საფუძველზეც საქართველოს პრეზიდენტმა დისკრეციული უფლება გამოიყენა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მისი კვოტით არამოსამართლე წევრი დანიშნა, თუმცა საქალაქო სასამართლომ მისი განკარგულების აღსრულება შეაჩერა? - საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლში, სადაც საქართველოს პრეზიდენტის უფლება -მოსილებებზეა საუბარი, პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტი ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს.
ნაცვლიშვილის მსგავსად, "საშიშ ფაზაში შესვლაზე" საუბრობს პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილიც.
კახა წიქარიშვილისთვის დანიშვნის შეჩერების შესახებ საუბრისას პოლიტიკოსი ამბობს, რომ "ხვალ შეიძლება, მურუსიძე-ჩინჩალაძემ არჩევნების დანიშვნა ან მსჯავრდებულის შეწყალება გააუქმოს".
გახარიას გუნდის წევრი ამბობს, რომ ამით პროცესი არ გაჩერდება და "ზეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაიბარებენ, მაზეგ კი საკანონმდებლოს".
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ შეაჩერა. "პირველებმა" მოიპოვა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პრეზიდენტის ბრძანების მოქმედება შეჩერდა.
პირი, ვინც კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება მოითხოვა, სავარაუდოდ, მანუჩარ კაკოჩაშვილია. ის კახა წიქარიშვილთან ერთად საბჭოს წევრის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა, თუმცა მას შესარჩევმა კომისიამ რეკომენდაცია არ გაუწია საბჭოს წევრად დანიშვნის მიზნით.
ვინ განიხილა პრეზიდენტის განკარგულების აღსრულების შეჩერებაზე შესული სარჩელი? - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება. "პირველების" ინფორმაციით, კახა წიქარიშვილის დანიშვნის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ლიელა ფოლადიშვილმა მიიღო.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, "პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევად" აფასებს.